მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მის წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს.
როგორც ჩოჩელმა დღეს დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება მისი ოჯახის ბიზნესის განადგურებასც დილობს. ხოლო რაც შეეხება რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის შეძენის თემას, ჩოჩელის თქმით, ამასთან დაკავშირებით ვრცლად ხვალ ისაუბრებს.
"მუდმივად ისმოდა ჩვენს წინააღმდეგ, რომ წინა ხელისუფლება გვმფარველობდა, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ წლევანდელ წელს ყველა კომპანიის ეკონომიკა მიდის უკან და "ზედაზენს" აქვს 40%-იანი ზრდა. მე ხვალ ამ დოკუმენტებსაც წარმოვადგენ და ზუსტად ამ წარმატებულ კომპანიებზე მიდის შეტევა. შპალის ქარხანა შეძენილ იქნა აუქციონზე, დანარჩენი არის ჩვენი შექმნილი. შპალის ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით ხვალ მასალას წარმოვადგენ და ეს იყო როგორც ბრესტის შემდეგ არსებული შენობა-ნაგებობები. მე მას ქარხანას ნამდვილად ვერ დავარქმევდი,"- განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
ჩოჩელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე განცხადება მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოს ბრალდება არავითარი არგუმენტით არ არის გამყარებული.
"აუქციონის წესით გამართული პრივატიზაციის დროს დაახლოებით 6 800 000 დოლარი იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს სრულიად ამორტიზირებულ, ლამის განადგურებულ საწარმოში. დღეს ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რომ არათუ 6 800 000 დოლარი, არამედ გაცილებით მეტი თანხა უნდა გადაეხადა ბიუჯეტში. მაგრამ, ბრალდების ეს მოთხოვნა თუ პრეტენზია არავითარი არგუმენტითარ არის გამყარებული,"- აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით გიორგაძეს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 19 696 764 ლარის ღირებულების ქონების უკანონოდ დაუფლებას და მითვისებას ედავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 194 -ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.