ENG / RUS       12+

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2014 წელს 9 მილიონ 251 ათასს ლარს დახარჯავს

რესპოდენტის შესახებ

ცოტა ხნის წინ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2014 წელს დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. რაზე გააკეთებს მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინიტრო აქცენტებს, რის საფუძველზე არჩევენ პრიორიტეტებს და როდის დაიწყება ახალი პროგრამების ფუნქციონირება? ,,ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ესაუბრა.


_ ბატონო ნუგზარ, ცოტა ხნის წინ სამინისტროში 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. რაზე აკეთებს აქცენტს მომავალ წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო?

_ 2014 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამებით (9 ქვეპროგრამა) ძირითადად ხორციელდება მოსახლეობისათვის სახელმწიფოს პროგრამებით გარეთ დარჩენილი რისკების მართვა და დაფინასება. ამ პროგრამებით გათვალისწინებულია სქოლიოზით დაავადებული ბავშვთა რეაბილიტაცია, მოსახლეობისთვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, გულის ქირურგიული ოპერაციების დაფინასება, მოსახლეობისათვის სახსრების ენდოპროტეზირებისა და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების დაფინანსება, ფსიქოსომატური რეაბიალიტაცია ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის, ამავე დროს აქცენტი გაკეთდა სოფლის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურეობის გაძლიერებაზე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სერვისების გაუმჯობესებაზე_ მოხდება სოფლის ექიმების გადამზადება, ასევე მაღალმთიან რეგიონებში ამბულატორიებისთვის შევიძენთ ავტომაქანებს, რადგან ექიმმა უფრო ოპერატიულად შეძლოს მოსახლეობის მომსახურება. 2014 წელს ასევე გაფართოვდება სოციალური დახმარების პროგრამები. 2013 წელს გათვალისწინებული გვქონდა სოციალური დახმარების ოთხი პროგრამა, 2014 წელს კი გვექნება 8 პროგრამა. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე ექიმებს მივცეთ დამატებითი ანაზღაურება. 2014 წლის მიზნობრივი პროგრამით ასევე გათვალისწინებულია 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა. ასევე 2014 წელს დიდი ყურადღება დაეთმობა სკრინინგის პროგრამებსაც, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების გამოვლენა და შემდგომი მკურნალობა.

_ მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე ექიმების რამდენი ლარით გაეზრდებათ ხელფასი?

_ მაღალმთიან რეგიონებში უბნის ექიმის ხელფასი გაიზრდება 300-ლარით და საბოლოოდ 800-ლარი გახდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე მაღალმთიანი რეგიონის ექიმები თავად იხდიდნენ ამბულატორიის კომუნალურ ხარჯებს, ახლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ეს ხარჯი მათ მოვაცილოთ და ხარჯი თავად ადგილობრივმა გამგეობებმა დაფარონ.

_ პრიორიტეტებს რის მიხედვით ადგენთ, კვლევას, ან გამოკითხვას ატარებთ?

_ ჩვენ ყოველთვის ვიხილავთ სამინისტროში შემოსულ განცხადებებს და ვიგებთ რა მოთხოვნილება აქვს მოსახლეობას, რა პრობლემები აწუხებთ და უკვე შემდეგ ამის საფუძველზე დგება პრიორიტეტული პროგრამები. სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისთვის გვქონდა ,,ჯანსაღი ცხოვრების პროგრამა", რომლის საფუძველზე ორი წელია გამოკვლევებს ვატარებთ, რადგან საკმაოდ ბევრია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც სქოლიოზის პრობლემა აწუხებს. ამიტომ 2014 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია, რომ სქოლიოზით დაავადებულ ბავშვების გამოკვლევის გარდა, მკურნალობის სრული კურსი ჩავუტაროთ.

_ გამოდის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სქოლიოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობას სრულად დააფინანსებს?

_ დიახ, მკურნალობის კურსს სრულად დავაფინანსებთ.

_ 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან რამდენი ლარი გამოიყოფა?

_ გასულ წელს პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული გვქონდა რვა მილიონ 400 ათასი ლარი, 2014 წლისთვის ცხრა მილიონ 251 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად დაიხარჯება 5 მილიონ 173 ათასი ლარი. ხოლო სოციალური პროგრამებისთვის დაიხარჯება მილიონ 19 ათასი ლარი.

_ 2014 წლის მიზნობრივ პროგრამებს საიდან ფინანსდება ცენტრალური, თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

_ ამ ყველაფერს აფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუპლიკის ბიუჯეტი.

_ კონკრეტულად როდის დაიწყება 2014 წლის პროგრამების ფუნქციონირება?

_ 2014 წლის პირველი იანვრიდან.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .