სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველს 2013 წლის 1 აპრილს განცხადებით მიმართა ირინა ფირცხალავამ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-10 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ირინა ფირცხალავას განცხადებით იგი თანამდებობიდან მისი ძმის - ირაკლი ფირცხალავას პოლიტიკური აქტივობის გამო გაათავისუფლეს.
საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ირინა ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ იყო დაცული კანონმდებლობის ნორმები.
სახალხო დამმცველის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ირინა ფირცხალავას დათხოვნის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლის უფლებებს.