საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის კახა ქემოკლიძის განცხადებით, შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა, გააძლიეროს.
უწყების განცხადებით, შსს მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას და ყველა მხარეს არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
"არ არის გამორიცხული სამინისტრომ გააძლიეროს პატრულირება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მობილურ პატრულებს, შსს-ს იმ დანაყოფებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა გეგმებს რაც შეეხება, აუცილებლად გაძლიერდება აქცენტი როგორც ინციდენტების პრევენცისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატში, ასევე ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებებზე,"- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს.