დღეს, 18 სექტემბერს, დედაქალაქის მერის გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებული დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება.
აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, 30 აგვისტოს სხდომაზე 4 მოწმე დაიკითხა, რომელთა შორის მერიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან, თუმცა არც ერთ მათგანს გიგი უგულავას საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მიუცია.
დაკითხული მოწმეების თქმით, რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით უგულავას დანაშაული არ მიუძღვის და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ორ ეპიზოდს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი საკითხი ტელეკომპანია "იმედის" მისაკუთრების დანაშაულებრივი სქემაა, რომელშიც პროკურატურის ცნობით, მთავარი მონაწილე თბილისის მერი იყო. ბრალდების მხარის მეორე ეპიზოდი ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დახარჯულ თანხებს ეხება.
"მთელი ამ დაკითხვებიდან გამოჩნდა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ კატას,"- აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 აგვისტოს გამართული პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
უგულავას თქმით, რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეში მის მიმართ წაყენებული ბრალი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულ საქმის ყველა დეტალი თავიდანვე გამჭვირვალე და საჯარო იყო.
"ეს ყიდვა იყო საჯაროდ. ყველა მაშინ მოქმედი ტელევიზია თუ საინფორმაციო საშუალება ესწრებოდა მიწის კომისიის ყველა სხდომას და ეს კომისიის წევრებმაც დაადასტურეს. იყო შეჯიბრობითობა, იყო სხვადასხვა წინადადებები და კონკრეტულად თქვეს კიდეც კომისიის წევრებმა რითი იხელმძღვანელეს. იხელმძღვანელეს იმით, რომ ფისკალური დოკუმენტი იყო ის თანხა, რომლითაც ბიუჯეტში გადაიხდიდნენ შემდეგ და მეორე, პრინციპულად წინააღმდეგი იყო კომისია და ბუნებრივია, მერიაც, რომ იქ საცხოვრებელი სახლები აშენებულიყო. თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რა ვქნათ?! კანონი ითხოვს, ჩემთვის ცხოვრებისეული გამოცდილებაა, ვმონაწილეობ ამ პროცესში და არანაირი პრობლემას არ ვხედავ და შედეგსაც დავინახავთ. მეც მაინტერესებს შედეგი, მოვიდეს ვიგინდარა ჯოზეფ ქეი და სასამართლოზე ჩვენება მისცეს, რას იბლუყუნებს ამასაც საზოგადოება დაინახავს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.