ENG / RUS       12+

ნიკა ვაშაკიძე: მაქვს შიში, ისეთი გადაწყვეტილების წინაშე დაგვაყენონ, რომ სიტუაციის გამოსწორება ძალზე ძნელი გახდეს

რესპოდენტის შესახებ

"ნუთუ, ამხელა მსხვერპლი უნდა გავიღოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ მწვანილი და ღვინო გაყიდოს რუსეთში, ანდა რუს ტურისტებზე ბინა გააქირაოს?"


"პრემიერის" ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

_ ბ-ნო ნიკა, პოლიტიკა ხშირად ის პროდუქტი გვგონია, რასაც საბოლოო შედეგის სახით ვხედავთ. თუმცა ამ შედეგის დადგომამდე არის დიდი და საკმაოდ რთული გზა. ამ პროცესს კულუარულ პოლიტიკასაც ვეძახით. თქვენ ერთ-ერთი გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით, მესმის, რომ ყველაფრის თქმა შესაძლოა, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო აღმოჩნდეს, მაგრამ საინტერესოა, რა კულუარული დინებები გვაქვს ამჟამად საგარეო პოლიტიკაში ევროპის, აშშ-სა და რუსეთის მიმართულებით? თუ ახლა აქაც, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა სფეროებში, სრული სტაგნაციაა?
_ საერთოდ, დიპლომატია ისეთი სფეროა, რომელსაც ზედმეტი ხმაური არ უყვარს და სადაც საქმის 90% ჩუმად და კულუარული ქმედებებით კეთდება, მაგრამ ეს საქმის კეთების მეთოდებს ეხება. მთავარი კი დიპლომატიის წარმატებისთვის არის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გასაგები, გარკვეული და მტკიცე სტრატეგია და პოზიცია. ამის გარეშე რაც არ უნდა ძლიერი პროფესიონალებით იყოს დაკომპლექტებული ქვეყნის საგარეო უწყება, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. მოგეხსენებათ, მე უკვე თითქმის 8 თვეა, რაც წამოსული ვარ სამინისტროდან და ამიტომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კულუარულ დინებებზე დიდი ინფორმაცია არ მაქვს. ზოგადად, მაქვს განცდა, რომ ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხზე ასეთი კონტაქტები საგარეო უწყების ხაზით არ ხდება. ამასთან დაკავშირებით მაქვს შიში, რომ გადამწყვეტ მომენტში შეიძლება მაღალ სართულებში არსებული საკონტაქტო არხის მეშვეობით ჩამოყალიბებული ისეთი გადაწყვეტილების წინაშე დაგვაყენონ, რომ სიტუაციის გამოსწორება ძალზე ძნელი გახდეს. იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს არხი, სხვადასხვა ფაქტი მეტყველებს. მაგალითად, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირების პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლება. მათ შორის დიდი ალბათობით იყვნენ უდანაშაულო ადამიანებიც, მაგრამ რამდენიმე მათგანის ჯაშუშობა საკმაოდ კარგად იყო ცნობილი და რეალურად არავის ეჭვს არ იწვევდა. მიუხედავად ამისა, ისინი აღმოჩნდნენ პოლიტპატიმართა სიაში. დანამდვილებით ვიცი, რომ კომპეტენტური სტრუქტურების ჩარევით აშკარა აგენტები რამდენჯერმე ამოიღეს პოლიტპატიმართა სიიდან, მაგრამ, საბოლოოდ, რაღაც `უხილავმა ხელმა~ ისინი იქ დააბრუნა და, შედეგად, მოხდა მათი განთავისუფლება ამ სტატუსით. სხვათა შორის, ამან კიდევ უფრო დაამძიმა იმ ადამიანების ბედი, ვინც რუსეთის საპატიმროებში იხდიან სასჯელს საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟისთვის, რადგან მათი გაცვლის პერსპექტივა კარგა ხნით მოისპო.
_ დიპლომატიას უხდება დახვეწილი იუმორი და სიბრძნეები. ხშირად ეს სიბრძნეები პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცევა ხოლმე. პრემიერის ბოლო განცხადება ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით და ტრადიციული "ჩაზუსტება", რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სიტყვების "დამახინჯება" (რკინიგზის თემას ვგულისხმობ) და სხვა ფაქტორებიც, ხომ არ არის "მგელი, მგელის" ძახილის ანალოგია? როდესაც, ფაქტობრივად, ენერგიას გვაცლიან "ქარის წისქვილთან" ბრძოლით, ან უფრო სწორად, გვაგუებენ იმას, რაც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს განახორციელონ?
_ მინდა ზოგადად გითხრათ, რომ ე.წ. ევრაზიული კავშირის წარმატების არ მჯერა. არა მგონია, ეს ინიციატივა მის ავტორებს კარგად ჰქონდეთ კონცეპტუალურად გააზრებული და დალაგებული. ისიც საკითხავია, თუ დსთ, საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად მკვდრადშობილი პირმშო გამოდგა, რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევრაზიული კავშირი იქნება სიცოცხლისუნარიანი? რუსეთმა ბელორუსის ინტეგრირებაც კი ვერ შეძლო, რომელიც ერთიან სახელმწიფოში გაერთიანების მზადყოფნასაც კი გამოხატავდა. ჩემი აზრით, დღევანდელ რუსეთს, უბრალოდ, არ გააჩნია იმის რესურსი და ენერგია, რომ ასეთი გრანდიოზული და ამბიციური პროექტები წარმატებით განახორციელოს. აი, რისი უნარიცა და ენერგიაც მას ნამდვილად აქვს, სამწუხაროდ, არის ის, რომ თავის სამეზობლოში პროვოცირება გაუკეთოს ნეგატიურ პროცესებს და შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების ნორმალური განვითარება, აწარმოოს მავნებლური თამაშები სამეზობლოში სეპარატიზმის, სავაჭრო ომისა და ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენებით, რასაც, როგორც ვიცით, ის აკეთებს. რაც შეეხება პრემიერის პასუხს, ვფიქრობ, მის მიერ შემდგომში გაკეთებული დაზუსტება აუცილებელი იყო, მაგრამ მას გამორჩა აღენიშნა ერთი უმთავრესი რამ: როცა საუბარია საქართველოს მიპატიჟებაზე ევრაზიულ კავშირში, უნდა დაისვას მარტივი კითხვა _ რას უწოდებს `საქართველოს~ ამ შემთხვევაში ამ კავშირის ინიციატორი და რომელი სახელმწიფო საზღვრებით იწვევს ის იქ საქართველოს? ვფიქრობ, ასეთნაირად ამ საკითხის დასმა გარანტირებულად მოუღებს ბოლოს სპეკულაციებს ამ თემის ირგვლივ.
_ ის, რომ 2008 წელს რუსეთმა ვერ მოახდინა საქართველოს სრული ოკუპაცია _ აღიარებს ამას თუ არა, ვთქვათ, ის ქართველი ობივატელი, რომელიც შინაგანი არჩევანის წინაშე დგას: `რუსეთი თუ დასავლეთი~ _ ფაქტია, რომ საქართველოს დასავლეთთან კავშირმა განაპირობა. რამდენად მწყობრად და მიზანმიმართულად სწორად მუშაობს ქართული დიპლომატიის პროგრესული ნაწილი, რომ თუნდაც პირადი კონტაქტების მეშვეობით არ მოხდეს დასავლეთთან ჩვენი კავშირების შეწყვეტა?
_ აუცილებელია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. არჩევანი სინამდვილეში არის არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ გადარჩენას, ნორმალურ განვითარებასა და დაღუპვას შორის. ქართველ ობივატელს შეიძლება, ზოგჯერ სამართლიანადაც, ბევრი რამე არ მოსწონდეს დასავლეთში, მაგრამ მან აუცილებლად უნდა შეიგნოს, რომ ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა, ყველა თავისი პლუსითა და მინუსით. ხომ არ შეიძლება, ქარიშხლის დროს უარი ვთქვათ, თავი შევაფაროთ სახლს იმის გამო, რომ მისი კედლების მოხატულობა არ მოგვწონს?! ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ მთავარის მეორეხარისხოვანისგან გარჩევა? ხომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი თვითმყოფადობისა და ტრადიციების გადასარჩენად, როგორც მინიმუმ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გადავირჩინოთ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს რუსეთს არანაირი პოზიტიური გეგმა არ გააჩნია საქართველოს მიმართ. რუსეთი თავად ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას და დღეს ისინი ამას შესაძლებლად მიიჩნევენ მხოლოდ იმპერიის აღდგენის მეშვეობით. იმისთვის, რომ ამას მყარად მიაღწიონ, გადაწყვიტეს, კარგად გააანალიზონ წარსულის შეცდომები და აღარ დაუშვან ისინი მომავალში. ერთ-ერთ მთავარ შეცდომად კი მათ მიაჩნიათ ის, რომ თავის დროზე იმპერიაში შემავალ ხალხებს საშუალება მისცეს ეროვნული თვითშეგნების განვითარებისა და ნაციებად ჩამოყალიბებისა. ეს განსაკუთრებით საქართველოს ეხება. ამიტომ მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს დასავლურ სამყაროს მოწყვეტენ, და თუ გნებავთ, ამ პროცესის პარალელურადაც, შეეცდებიან, განუხრელად გაატარონ ქართველი ერის სხეულის დაშლის პოლიტიკა _ გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად და ა.შ... ეს უნდა გვესმოდეს კარგად. აქ შეცდომა არ უნდა დავუშვათ! ჩემი ღრმა რწმენით, ამ ეტაპზე რუსეთი ვერ შეძლებს იმპერიის აღდგენას, მას დღეს ამის ძალა არ გააჩნია. მაგრამ, თუ ჩვენ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ და თუ დავყევით მათ ტრადიციულ ფანდებს, იმდენს კი შეძლებენ, რომ დაგვანგრიონ, როგორც სახელმწიფო და ერი. ამის შედეგად კი ჩვენს კუთვნილს სხვები დაეპატრონებიან და მრავალი თაობის არსებობის განმავლობაში წელში ვერ გავიმართებით. ნუთუ, ამხელა მსხვერპლი უნდა გავიღოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ მწვანილი და ღვინო გაყიდოს რუსეთში, ანდა რუს ტურისტებზე ბინა გააქირაოს? სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენს ე.წ. `ობივატელებში~ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს ბედი სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და რომლებიც, იმისთვის, რომ ორი კაპიკი იშოვონ, საკუთარ ქვეყანას გაყიდიან. სწორედ ასეთი ადამიანები შეადგენენ ისეთი პოლიტიკოსების ელექტორატს, რომლებიც პოლიტიკური გამარჯვების მოპოვებას `გრუ-ს სპეცნაზის~ დახმარებით აპირებენ. ასეთ შემთხვევაში, ერის საუკეთესო ნაწილის ამოცანაა _ დაუნდობლად გააკრას ისინი სამარცხვინო ბოძზე და არ მისცეს მათ საშუალება, მომავალი მოუსპონ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.
_ რუმინეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებაც გკითხავთ, რამდენად რეალურია ეს პოლიტიკური Eხცჰანგე _ სირია საქართველოს სანაცვლოდ? თუ ესეც საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელშიც ბოლო ერთი წელია, მუდმივ მარცხს განვიცდით?
_ ასეთი გაცვლების არ მჯერა. აქ მთავარი ისაა, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და საზოგადოებამ, უნდა შეძლოს, დაამტკიცოს თავისი მდგრადობა, სიმწიფე და სიცოცხლისუნარიანობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ აღგვიქვან როგორც საიმედო პარტნიორი. სხვა საქმეა ის, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი სერიოზული ადამიანი ხვდება იმას, რომ ობამას უხერხემლო პოლიტიკამ რუსეთის მიმართ არ გაამართლა და ამის ძალზე ნათელი მაგალითი იყო, ე.წ. სნოუდენის საქმე. აშშ-ს დაყვავების პოლიტიკას პუტინმა თავის ჩვეულ სტილში, უტიფარი სილით უპასუხა. ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ, დიდი ალბათობით, აშშ-ს შემდეგი ადმინისტრაცია გაცილებით მკვეთრი და პრინციპული იქნება რუსეთის მიმართ.
_ ცალკეული დიპლომატიური წარმატებებისთვის აუცილებელია საინფორმაციო პოლიტიკა. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას საკმაოდ უხეიროდ და რთულად ახორციელებდა თავის დროზე `ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლება. სრულად იყო იგნორირებული ადგილობრივი რესურსი გარდა ორიოდე, ხელისუფლების საფარქვეშ არსებული მედიასაშუალებისა. თუმცა ეს რესურსი საკმაოდ დიდი ხარჯების სანაცვლოდ კომპენსირებული იყო უცხოური საშუალებებით. ამჟამად როგორ აფასებთ თქვენ და როგორ აფასებენ თქვენი უცხოელი კოლეგები ქვეყნის საინფორმაციო პოლიტიკას, როგორც დიპლომატიის მხარდაჭერის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს?
_ აქ პრობლემა ისაა, რომ ხშირად თავად პოლიტიკური რეალიები არ უტოვებს საშუალებას ხელისუფლებას, საინფორმაციო უზრუნველყოფით გაამყაროს თავისი პოლიტიკა. ძნელია, მაგალითად, რუსეთის მიმართ ახალი კურსის გაპიარება მაშინ, როცა შენ მიერ რუსეთის მიმართ გადადგმულ პოზიტივზე გათვლილ ნაბიჯებს იქიდან მავთულხლართებით, აფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტებით, ან ისეთი პასაჟებით პასუხობენ, რომლებიც სულ ახლახან გააჟღერა ბატონმა კარასინმა თავის ინტერვიუში. თუმცა, ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს ასე იქნებოდა. მაგრამ, რას იზამ, ეს ხომ პრემიერის გათვლებში არ ჯდებოდა, როგორც მან თავად აღიარა. ზოგადად, ის, რომ საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკა, მისი სტრატეგია და პრაქტიკა, სამწუხაროდ, დაბალ დონეზეა, უნდა ვაღიაროთ. ეს ისეთივე პროფესიული საქმიანობაა, როგორც ყველა სხვა და აქ პროფესიონალიზმი და პროფესიონალები გვაკლია. თავს იჩენს, ასევე, ჩვენთვის დამახასიათებელი ზერელობა, სიზარმაცე და თვითგანვითარებაზე მუშაობის სურვილის ნაკლებობა.

გაზეთი „პრემიერი", ალექსი ნოზაძე

 

ავტორი: . .