ENG / RUS       12+

ფავანა გისოსებს გადაღმა

რესპოდენტის შესახებ

ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ


შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად დევნილობაში მყოფი ქორეოგრაფის, თამაზ ვაშაკიძის საბალეტო "ბედისწერა" დედამ _ მოცეკვავე მერი ქამხაძემ და სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგებმა _ გივი მეტრეველმა და სახელოვანმა ვახტანგ ჭაბუკიანმა განსაზღვრეს. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვაშაკიძე ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლიტი გახდა. ვისაც სპექტაკლები "რომეო და ჯულიეტა","პორგი და ბესი", "ძე შეცდომილი", ან "მავრის ფავანა" ახსოვს, ცხადია, თამაზ ვაშაკიძის წარმატებულ პარტიებსაც გაიხსენებს.

80-იან წლების ბოლოს სტაჟირება გაიარა მოსკოვში, ექსპერიმენტებით გამორჩეულ დასში, სახელწოდებით "რუსული ბალეტი". რთულ და დრამატულ 90-იან წლებში თამაზ ვაშაკიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის არტდირექტორია; 1995-2004 წლებში _ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი. 2001 წელს საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფომ "ღირსების ორდენით" დაჯილდოვა.

მართალია, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საბალეტო ხელოვნებას გაცილებით უფრო გაუმართლა, ვიდრე ოპერას, მაგრამ თამაზ ვაშაკიძის დრამატული თავგადასავალი, ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან მოკვეთა, ხანგრძლივი სასამართლო პროცესი და დევნილობა სწორედ რევოლუციის შემდეგ იწყება _ სწორედ მაშინ, როდესაც 2004 წელს მოსკოვის "დიდი თეატრის" პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საქარველოში დაბრუნდა. სახელოვანმა მოცეკვავემ განაცხდა, რომ რამდენიმე წელიწადში ევროპული დონის საბალეტო დასს ჩამოაყალიბებდა. ამისთვის მან ახალი ხელისუფლებისგან ყველა კარტ-ბლანში და საკმაოდ მსუყე ბიუჯეტი მიღო.

ოპერისა და ბალეტის თეატრში "რეფორმებისა" და ახალი დადგმების პარალელურად, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს თამაზ ვაშაკიძე _ ერთ დროს ნინო ანანიაშვილის პარტნიორი და მეგობარი.

უკვე განვლილი სასამართლო პროცესის, დევნილობის, დღევანდელი სტატუსისა და შემოქმედების შესახებ "პრემიერს" თამაზ ვაშაკიძე ესაუბრება:

_ თავის დროზე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეთ, რადგან უკანონოდ მიიჩნევდით გათავისუფლებას. ამავდროულად, ითხოვდით სამსახურში აღდგენას, რის საპასუხოდაც, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კულტურის სამინისტრომ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მართალია, რომ ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტროში დაგიბარეს და თანამდებობიდან ნებით წასვლა მოგთხოვეს?

_ დიახ, 2004 წელს დამიბარეს კულტურის სამინისტროში. შევხვდი მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ თათა ქვარიანს, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. მე უარი განვაცხადე. შემდეგ თავად მინისტრმა გოკა გაბაშვილმა მოინდომა ჩემთან შეხვედრა იმავე "მისიით" _ უარი მეთქვა ქორეოგრაფიულ სასწავლებელზე. ცხადია, აზრი არც ამ შეხვედრას ჰქონდა. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში სამინისტრომ სასწავლებელში ჩემი გათავისუფლების ბრძანება გამოაგზავნა: "არაკომპეტენტურობის" მუხლით. საპასუხოდ, შევიტანეთ სარჩელი, რასაც მოჰყვა კულტურის სამინისტროს კომისიის შემოსვლა სასწავლებელში. კონტროლის პალატამაც დაიწყო ჩვენი შემოწმება... მოკლედ, ჩემი უარის შემდეგ, ყველა სახელმწიფო უწყება ღია შეტევაზე გადმოვიდა. კონტროლის პალატის შემოსვლის შემდეგ ჯერ გამათავისუფლეს პედაგოგის თანამდებობიდან, მოგვიანებით, ოქტომბერში, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდანაც. კომისიის მოთხოვნა ერთადერთი იყო _ გამომეტანა სარჩელი სამინისტროდან, რაც არ გავაკეთე.

_ პროკურატურა დაახლოებით 64 ათასი ლარის მითვისებაში გდებდათ ბრალს. მისი მტკიცებით, მიწისძვრის შემდეგ სასწავლებლის შენობა დაზიანებული იყო; თქვენ კი არ დაიწყეთ დროული გასამაგრებელი სამუშაოები. არ ჩატარებულა საწარმოო პრაქტიკა, ცდებოდა გაკვეთილები; ბუღალტერთან და მოლარესთან შეთანხმებით, თურმე, აყალბებდით უწყისებს, პედაგოგთა ხელმოწერებს...

_ ჯერ კიდევ 1998 წელს სახელწიფომ საკმაოდ დიდი თანხა გამოყო სარემონტო სამუშაოებისთვის. მაშინ სასწავლებლის დირექტორი იყო ბარამ ბარამიძე, რომელიც 2001 წელს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. კონტროლის პალატის დასკვნით, იმ დროს გამოყოფილი თანხიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 64 ათასი ლარი, რომელიც სწორედ ბატონ ბარამიძის პერიოდს უკავშირდება. ყოველ ჩემს სიტყვას დოკუმეტებით დავადასტურებ, რომლებიც, ასევე, ჩემთან ინახება. მიწისძვრის შემდეგ ქორეოგრაფიული სასწავლებლის შენობა ძალიან დაზიანდა და სამინისტროს გადაწყვეტილებით აგვეკრძალა პრაქტიკა და მეცადინეობა სპეციალურ საგანებში. ორი წლის განმავლობაში სპეცსაგნებში მეცადინეობას ვატარებდი სუხიშვილების სტუდიაში, ასევე მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში (#1 გიმნაზია). მოსწავლეები პრაქტიკას თეატრში გადიოდნენ, ტარდებოდა კონცერტები და გამოსაშვები საღამოები. არც ერთ წელს სასწავლებელს ჩავარდნა არ ჰქონია! ეს ყბადაღებული 64 ათასი ლარი ძველი აქტებიდან ამოწერეს და ყოფილი დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობა მე მომაწერეს. დოკუმენტებით აღრიცხულია, რომ ხელფასის გარდა სახელმწიფოსგან არაფერი მიმიღია. სასამართლომ კი მე დამაკისრა ამ თანხის გადახდა. საიდან და რატომ უნდა გადამეხდა 64 ათასი? რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ მოახერხა ჩვენი პრობლემის მიტანა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამდე. საწავლებელი შეიტანეს დაფინანსების ნუსხაში და შენობა ჩემი დირექტორობის პერიოდში გარემონტდა. სწორედ იმ პერიოდში სასწავლებელში შემოვიდა კომპლექსური რევიზია, რომელმაც ყველაფერი შეისწავლა და დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ამის გარდა, ყოველ 6 თვეში კულტურის სამინიტროს ვაბარებდით ანგარიშ-ბალანსს. ასე რომ, დარღვევა რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად აღმოაჩენდა რომელიმე სახელწიფო უწყება...

_ უკავშირებთ თუ არა სამშობლოდან თქვენს გაქცევას გარკვეული წრეების ანგარიშსწორებას. თუნდაც იმდროიდელ პოლიტიკური სიტუაციას? ვის და რატომ სჭირდებოდა თქვენი დევნა, შევიწროება და სამშობლოდან გადახვეწა?

_ ზუსტად რამის თქმა ან მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ფაქტებიდან გამომდინარე, მიჩნდება მოსაზრება, რომ ჩემი მოშორება ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან და საერთოდ, ქართული ბალეტიდან, შედიოდა ნინო ანანიაშვილის ინტერესებში. მით უმეტეს, თუ მის გავლენას გავითვალისწინებთ წინა ხელისუფლებაზე. ცხადია, პირადად ბატონ სააკაშვილზედაც. მოვა დრო და უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ სხვა მიზეზებზეც. თავის დროზე ანანიაშვილის საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდებოდა მის ამბიციებს და საბალეტი სივრცის სრულ დაპატრონებას. მანამდე ქორეოგრაფიაში მიმდინარე პროცესს, ფაქტობრივად, ქორეოგრაფი გოგი ალექსიძე და მე წარვმართავდით. მოგვიანებით ორივეს ადგილზე დაინიშნა ნინო ანანიაშვილი. ბატონი გოგი ალექსიძე მოსკოვში გარდაიცვალა _ ქუჩაში სასტიკი ცემის შედეგად. მე საქართველოს ხელისუფლებამ ძებნილად გამომაცხადა და დაუსწრებლად მომისაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა! ანანიაშვილმა რეალურად მიზანს მიაღწია და ჩვენი მოშორების შემდეგ სრულად დაეპატრონა საბალეტო სივრცეს საქართველოში. მგონი, ყველაფერი ნათელია...

_ რუსეთის ფედერაციის კანონის მიხედვით, თქვენი დღევანდელი სტატუსი განისაზღვრება როგორც "დევნილი". პირდაპირ ასეა მითთებული - "Тамазу Вашакидзе предоставлен статус беженца на территории Российской Федерации. После получения им политического убежища и статуса беженца на территории Росиисской Федерации (на основании подпункта 1 пункта 1 статьи 1 федерального закона «О беженцах» от 26 февраля 2008 г.). ამდენი პერიპეტიის მიუხედავად, რატომ არ მოგანიჭეს "პოლიტიკური დევნილის" სტატუსი?

_ შესაძლოა, დამცინავად ჟღერდეს ეს სიტყვები, მაგრამ სწორედ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მაქვს. თავის დროზე, რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, ზუსტად ისეთი პროცედურები გავიარე, როგორიც ამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკელმა დიპლომატმა სნოუდენმა. როდესაც პირი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, მას გარკვეული დროისა და პროცედურული შემოწმების შემდეგ ანიჭებენ სტატუსს _ "თავშესაფარი პოლიტიკური მიზეზებით". ეს განსხვავდება "დევნილის" ან "ლტოლვილის" სტატუსისგან, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები, ომს გამოქცეული, ან რელიგიური დევნის გამო შვიწროებული ადამიანები იღებენ. რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, საბუთებში მიწერია "თავშესაფარი პოლიტიკური შეხედულების" გამო. ცხადია, რუსეთის ფედერაციის კანონის მიხედვით.

_ რა შეიცვალა თითქმის რვაწლიანი დევნილობის შემდეგ? მიმართეთ თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით და რა პასუხი მიიღეთ?

_ მიუხედავად ჩემი ამჟამინდელი სტატუსისა, დღესაც საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან მოქალაქეობის უფლება ჩემთვის კონსტიტუციით არ ჩამოურთმევიათ. სხვათა შორის, რუსეთშიც და საქართველოშიც ბევრს უნდოდა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მეთქვა, საერთოდ გადავსახლებულიყავი საქართველოდან, რათა ამით პოლიტიკური პრეცედენტი შექმნილიყო. ცხადია, უარი განვაცხადე, რადგან ვიცოდი "პოლიტიკური მოღალატის" იარლიყს მომაკერებდნენ. თანაც სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაამართლებდნენ _ კანონს ემალება და ამიტომ გაიქცაო! 2013 წლის 17 აპრილს მივმართე წერილით ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე პასუხს ველოდები. ოჯახი, ცოლ-შვილი საქართველოში მყავს. თითქმის რვა წელია, ვცხოვრობ ოჯახის გარეშე, რაც თითქმის აუტანელია...

_ თქვენი შემოქმედება, ძირითადად, დაკავშირებულია რუსეთთან. ამჟამად ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქორეოგრაფად მუშაობთ, სადაც რამდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელეთ. მათ შორისაა "დიდი ვალსი", რომელიც რუსეთში პრემიითაც აღინიშნა. ჯერ კიდევ საქართველოში თანამედროვე ცეკვის თეატრითაც დაინტერესდით. ამჯერად რაზე მუშაობთ? ხომ არ გაქვთ საქართველოდან რაიმე შემოთავაზება? ეს თქვენთვის, ცხადია, გარკვეული სტიმულიც იქნებოდა.

_ ამჟამად მოსკოვის საბალეტო დასთან ვმუშაობ, მაქვს ერთი პროექტი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებ. საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არა მაქვს და რომც მქონდეს, ჩემი ჩამოსვლა დღეს შეუძლებელია. მინდა, საქართველოში განვაგრძო ჩემ მიერ დაარსებული ფესტივალი "ჭაბუკიანი-ბალანჩინი". გარდა ამისა, ვფიქრობ კინობალეტის გადაღებასაც, თუმცა ეს ჯერჯერობით გაურკვეველი, მაგრამ იმედიანი მომავალია.

გაზეთი „პრემიერი", დავით ბუხრიკიძე

ავტორი: . .