ENG / RUS       12+

თომას ჰენდრიკ ილვესი: საკუთარი გზა და საკუთარი მიზნები საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა აირჩიონ

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს პერსპექტივები ევროსტრუქტურებისკენ მიმავალ გზაზე და როგორ ჩანს დღეს საქართველო ევროპული ქვეყნის ლიდერის თვალით. გაზეთმა "პრემიერმა" ესტონეთის პრეზიდენტთან, თომას ჰენდრიკ ილვესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

_ ბ-ნო პრეზიდენტო, მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. პირველი ინტერვიუ ჩვენ 2006 წელს ჩავწერეთ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... ესტონეთი რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და მხარდამჭერად ევროსტრუქტურებისკენ მიმავალ გზაზე. ამას მოწმობს თქვენი არაერთი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში. და მაინც, რა არის მთავარი მიზეზი, რისთვისაც მხარს უჭერთ საქართველოს, მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას?
_ ეს მიზეზი ძალიან მარტივია. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპასა და ევროპულ ფასეულობებს. ასევე, ესტონეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რადგანაც წარმატებული მეზობლობა ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილია.
_ რამდენიმე დღის წინ ესტონეთმა დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავი აღნიშნა. ეს წლები ნამდვილად არ იყო თქვენი ქვეყნისთვის უპრობლემო. მახსოვს, თქვენთან პირველი ინტერვიუს დღეებში "ბრინჯაოს ჯარისკაცის" ძეგლის ირგვლივ აგორებული ამბები _ ეს მეტწილად პროვოკაცია იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხი, რომლის პროვოცირებასაც "უფროსი ძმა" ახდენდა. და მაინც, რა არის ის მთავარი განმასხვავებელი, რის საფუძველზეც ესტონეთმა ყველაფერს გაუძლო და მრავალი სხვადასხვა პარამეტრით მნიშვნელოვნად უსწრებს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა, არამედ ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს.
_ რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის მხრიდან ოკუპაცია, ესტონეთი დიდი ხნით ადრე იქნებოდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი. 22 წლის წინათ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენ მყარად დავისახეთ მიზნები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში. თანმიმდევრულად და წარმატებულად მივდიოდით ევროპისკენ და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისკენ. ეს არის გამოცდილება, რომელიც მზად ვართ, გავუზიაროთ საქართველოს, როგორც ჩვენს მეგობარს, მაგრამ საკუთარი გზა და საკუთარი მიზნები საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა აირჩიონ. ამის გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ.
ესტონეთის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ვამტკიცოთ: წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პირობაა ცოდნა _ შეგეძლოს მოსმენა, დიალოგის წარმართვა და სხვის წინაშე საკუთარი აზრის დასაბუთება.
ეს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია. სამოქალაქო საზოგადოება _ ეს არის ადამიანების თავისუფალი ნება, საკუთარ თავზე ხელისუფლებისა და პარლამენტის როლის დაკისრების გარეშე გაგვხადონ სხვებზე უკეთესი, საკუთარი ქვეყანა კი _ უფრო წარმატებული. ამისკენ მიმართული დამოუკიდებელი მოღვაწეობა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი საყრდენია, როგორც, მაგალითად, თავისუფალი პრესა. ხელისუფლების ამოცანა აქ ის არის, რომ არ ჩაერიოს და პირიქით, ხელი შეუწყოს მას.
_ ცოტა ხნის წინ, რადიოსადგურ "კომერსანტ ფმ"-თან საუბარში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ გარკვეული შენიშვნები გამოთქვით და აღნიშნეთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებები "მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება"...
_ დიახ, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი და მათ შორის ესტონეთი არ ვართ ბრიყვები. საქართველოს მეგობრები ძალიან ყურადღებით და გამოცდილი მზერით ადევნებენ თვალს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
აქ მთავარია, დავინახოთ, საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში დაადასტურა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ხალხი თავისუფლად წყვეტს, ვინ და რა წარმომადგენლობით ხვდება პარლამენტში და შესაბამისად, ახდენს უმრავლესობის ფორმირებას.
ამავე დროს, კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ "დიალოგია" ის სიტყვა, რომელიც განმსაზღვრელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობისა ევროპულ პოლიტიკაში, რადგანაც დემოკრატიულ სახელმწიფოში დღევანდელი სახელისუფლებო პარტია ხვალ შესაძლოა, ოპოზიციაში აღმოჩნდეს და პირიქით.

_ წინ გვაქვს ვილნიუსის სამიტი, რომელზეც საქართველოს წინა ხელისუფლების ამოცანა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება... ახლა კი საუბარია მის პარაფირებაზე... ეს ქართული დიპლომატიის მარცხია, თუ განპირობებულია შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ევროპის რეაგირებით?
_ ასოცირებული ხელშეკრულება ევროკავშირთან _ ეს ობიექტური პროცესია, რაც ნიშნავს, რომ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ, ყველა ტექნიკური პრობლემა გადაწყვეტილია. გზა შესაძლოა, იყოს პირდაპირი და სწორი, შესაძლოა, იყოს მიხვეულ-მოხეული და აღმართ-დაღმართით, მაგრამ თუ შენი მიზანი ხილული გაქვს, ეს ორივე გზა მიდის ერთსა და იმავე მიზანთან. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში, რომლის დროსაც, ვიმედოვნებთ, პარაფირებული იქნება საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
_ ბ-ნო პრეზიდენტო, თქვენ ასევე თქვით, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას და დასკვნებს აკეთებენ. პირადად თქვენ რა დასკვნებს აკეთებთ?
_ ამჟამად, მე მჯერა საქართველოს ლიდერების პირობისა იმის შესახებ, რომ საქართველოს მიზანია ევროპა, მისი საკმაოდ ფართო გაგებით, რომელიც თავის თავში მოიცავს დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სიტყვის თავისუფლებას, აუცილებელ ეკონომიკურ რეფორმებს. მე კვლავინდებურად მწამს, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება.
_ თქვენ პოლონეთის აწ გარდაცვლილ პრეზიდენტთან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად ერთ-ერთი ინიციატორი იყავით, რომ საქართველო აგვისტოს ომის დროს მარტო არ დაგეტოვებინათ და ექვსი ლიდერი თბილისში რუსთაველზე იდგა, როგორც საქართველოს დაცვის უმთავრესი გარანტი... მაშინ მსოფლიომ ნახა საქართველოს ერთიანობა და სიმტკიცე აგრესორის წინააღმდეგ... რა არის ის გრძნობა, რომელიც აიძულებს პრეზიდენტს, ქვეყნის ლიდერს, სხვა ქვეყნის დასაცავად რეალურად ტყვიას შეუშვიროს შუბლი? ცხადია, რომ მაშინ თქვენ, ყველანი, საკუთარ სიცოცხლეს რისკავდით, თბილისის გარეუბანში რუსული ბომბები ცვიოდა...
_ ესტონეთის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ სოლიდარობა აუცილებელია. მეგობრებს, საქართველო კი ჩვენი მეგობარია, განსაცდელში მარტო არ ტოვებენ. მაშინ არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა რისკზე. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, როგორ დავხმარებოდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ საქართველოს, როდესაც რუსის ჯარი გორსა და ფოთში იმყოფებოდა და გაურკვეველი იყო, რამდენად შორს სურდათ მათ წასვლა. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოფრენა დემოკრატიული საქართველოს მეგობრების ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო.
_ როგორ ფიქრობთ, რა იყო ის უმთავრესი შეცდომა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაუშვა და რის გამოც ხალხმა მას არჩევნებში უარი უთხრა...
_ არ მომწონს, როდესაც ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსები სხვა სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების კრიტიკის მოლიპულ გზაზე დგებიან.
_ მოდით, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ამავდროულად შეუძლებელი იყო, არ გქონოდათ ცალკეული ინფორმაციები საქართველოში დემოკრატიასთან არსებულ პრობლემებზე. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ მისთვის, როგორც მეგობრისთვის, რჩევები მიგეცათ?
_ მეგობარი მეგობარს რჩევებს პირისპირ აძლევს და არა პრესის საშუალებით. ეს არასწორი იქნებოდა. ამავე დროს, კვლავ ძალაში რჩება სიტყვები, რომელიც 5 წლის წინათ ვთქვი თბილისში, მაშინდელ მთავრობასა და მაშინდელ ოპოზიციასთან შეხვედრის დროს: ესტონეთის, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს, მხარდაჭერა აქვს საქართველოს რეფორმატორულ სწრაფვას და არა კონკრეტულ პერსონებს; ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები უნდა ხასიათდებოდეს თანამშრომლობით, ურთიერთპატივისცემით, იმ ნაბიჯებისგან თავშეკავებით, რომელიც გახლეჩს საზოგადოებას და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ზღვარს გადაალახვინებს.
_ როგორც ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი და იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს რუსეთს, მის ისტორიასა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები კრემლში დევს, როგორც ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს?
_ უპირველესად, ესტონეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მეორე _ ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტა ამ რთული პრობლემისა არის დემოკრატიული, პოლიტიკურად სტაბილური, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებული და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო.
_ არაერთი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ რუსეთი ბუქარეტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე უარმა გაათამამა და საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო. რამდენად შეიძლება ეს სიმართლესთან ახლოს იყოს. და თუ ეს ასეა, რატომ ვერ გათვალა ეს ნატომ? მით უფრო, ისიც ცნობილია, რომ თქვენ და მრავალი თქვენი კოლეგაც თავგამოდებით უჭერდით მხარს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას?
_ როგორც წესი, განხილვები ნატოს შიგნით რჩება ჩვენი ორგანიზაციის შიდა განხილვებად. საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, აზრთა სხვადასხვაობა გარდაუვალია. ესტონეთი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მზადყოფნა, შეუერთდეს ამ ორგანიზაციებს, უნდა შეფასდეს მხოლოდ თავად საქართველოს მიღწევების საფუძველზე და ამაზე გავლენა არ უნდა იქონიოს ევროკავშირისა და ნატოს შიდა პოზიციამ. ესტონეთი კვლავ მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას და ასევე, იმ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციაში შევიდეს.
_ დღევანდელი გადასახედიდან, საით მიდის საქართველო?..
_ მოკლე პასუხი ასეთია: არის ერთი საქართველო და ერთი ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს თავის მომავალთან დაკავშირებით.
_ თქვენი შეფასებით, რა შანსები აქვს საქართველოს, გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი?
_ იცით, რა? თქვენს კითხვებში მესმის საკმაოდ ბევრი ეჭვი საკუთარი თავის მიმართ და გარკვეული ორჭოფობა. გისურვებდით, საკუთარი თავის უფრო მეტ რწმენას, რადგანაც ქართველი ხალხი ბრძენი და აქტიურია.
ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის გატარებაც მოითხოვს თანმიმდევრულობასა და საკუთარი თავის მიძღვნას ამ საქმისადმი. ეს ყველაფერი მომავალი საქართველოს ნაწილია და სწორედ ახლა მოვიდა ამ მომავლის შენების დრო. წარმატებული მომავლისკენ მისწრაფების მქონე სახელმწიფო ერთნაირ ყურადღებას უნდა აქცევდეს როგორც დემოკრატიას, ასევე, თავისი ქვეყნისა და ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რადგანაც ევროპული გაგებით, ეს ორი მიმართულება მჭიდროდაა ერთმანეთში გადახლართული. აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის და ევროკავშირისა და დასავლეთის ეკონომიკური სივრცის უფრო ფართოდ დაკავშირება. ასევე, მხარეების ურთიერთპატივისცემით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
_ და რა არის ის უმთავრესი საკითხი, რომელიც გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ მისი სწრაფვა ევროპისკენ რეალიზებული გახდეს?
_ მე შევეცადე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოდით, უფრო ვრცლად შევხედოთ. `საქართველოს გზა~ _ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დემოკრატიული არჩევანის საკითხი, ეს არის ევროპის ნაწილად ყოფნის საკითხიც. ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს საერთო ფასეულობებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გეოგრაფიასთან. ევროპა არ იწყება და არ მთავრდება რომელიმე სახელმწიფოს საზღვრით. ევროპა და ევროპული ფასეულობები ნიშნავს პრინციპებს _ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, სამართლებრივ სახელმწიფოს, ხელისუფლების დაყოფას, ადამიანის უფლებებს, ადამიანების თანაბრობას, სოციალურ თანასწორობას და ღია ეკონომიკას. ევროპა ნიშნავს სიტყვის თავისუფლების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის დაცვას მაშინაც კი როდესაც ეს შეიძლება ხელისუფლებას უხერხულობას უქმნიდეს. სახელმწიფოებს, რომლებიც ამ პრინციპებს იცავენ, შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ მხარდაჭერაში და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან ნდობაში.
_ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

ესაუბრა თემურ ჭუმბურიძე

 

ავტორი: . .