თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან აცნობეს, დღეს, 12 სექტემბერს, 20:00 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში მორიგი შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები აეროპორტში შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა,"- განმარტავენ სამინისტროში.
აღნიშნულზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას ისანი-სამგორის სამმართველო აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს შენობებში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჯერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან მოხდა თანამშრომელთა სრულად ევაკუირება, მოგვიანებით კი, ტელეკომპანია "იმედიდან". ორივე შემთხვევაში განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ორივე ცრუ შეტყობინების ავტორი.