სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან თანამშრომლები სრულად ევაკუირებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" არხის საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" პროდიუსერმა ნანა ინწკირველმა განუცხადა, ტელევიზიის შენობაში ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები მივიდნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ "რუსთავი 2"-ში ნაღმის არსებობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ანონიმური შეტყობინება შევიდა, ამიტომ ყველა თანამშრომელს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა.
"როგორც გვითხრეს, შეტყობინება შევიდა, რომ ტელევიზიის შენობა დანაღმულია, სხვა არაფერი ვიცით და ყველას დაგვატოვებინეს ადგილი,"- განაცხადა ნანა ინწკირველმა და დასძინა, რომ მიუხედავად აღნიშნული დაბრკოლებისა, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა ცდილობს, დღის საინფორმაციო გამოშვებები შეუფერხებლად, ალტერნატიული საშუალებით გავიდეს ეთერში.
"ვცდილობთ, რომ "კურიერის" ეთერში გასვლის ალტერნატიული გზები მოვიძიოთ, ჩვენთვის უცნობია ტელევიზიის შენობაში შესვლის შეზღუდვა რამდენი ხანი იქნება,"- აღნიშნა ინწკირველმა.
ამ წუთებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გამნაღმველები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მუშაობენ.