ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ქუთაისში დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას პატიმრობაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მისი სურვილია ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ რამდენად მისცემს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას უცნობია.
,,ვანო მერაბიშვილს როცა შევხვდი მითხრა, რომ მისი სურვილია ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ რამდენად მოახერხებს მისი ჯანმრთელობის გამო ქუთაისში ტრანსპორტირებას, ჯერჯერობით, არ ვიცით", _განაცხადა ჩივიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ხვალ, 12 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. ვანო მერაბიშვილის ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება.ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული - თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და გაფლანგვა.