ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "იმედისთვის" საკუთრებაში გადაცემული "იბერია TV"- ს ლიცენზია დაუბრუნდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოქუაშვილის განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"მოხარული ვარ და მინდა, მივულოცო "იბერია TV"- ს გულშემატკივრებს, "იბერიის" ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მხარდამჭერებს, მთელს საზოგადოებას, რომ "იმედისა" და "იბერია TV"-ს ამჟამინდელმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება, უანგაროდ დაუბრუნოს "იბერია TV"-ს კუთვნილი ლიცენზია სასამართლო მოსმენის გარეშე, რომელიც ჩანიშნულია სექტემბერში. ჩემის მხრივ, როგორც "იბერია TV"-ს კანონიერი მფლობელი, მზად ვარ "იბერია TV"-ს კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მიღებისათვის საქართველოში არსებული კანონების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანხმობითა და მონაწილეობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობას მალე ექნება კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის მიღებისა "იბერია TV"-ს სახით და "იბერია TV"-ს მომავალ ჟურნალისტებს კვლავაც ექნებათ საშუალება, თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული მასმედიის განვითარებაში", - ნათქვამია ოქუაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა "იბერია TV"-სთვის NB106 ლიცენზიის კეთილი ნების საფუძველზე გადაცემის თაობაზე განცხადება 7 სექტემბერს გაავრცელა.
პატარკაციშილის ოჯახის განმარტებით, მათ მიერ ტელეკომპანია „იმედის" დაბრუნების შემდეგ ჰოლდინგის საკუთრებაში NB106 ლიცენზიაც აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ირკვევა, წარსულში „იბერია TV"-ს საკუთრებას წარმოადგენდა, ამდენად, მოცემულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ პატარკაციშვილის ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მზადაა კეთილი ნების საფუძველზე NB106 ლიცენზია „იბერია TV"-ს დაუბრუნოს.
"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი წინა ხელისუფლების დროს ტელეკომპანია „იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და როგორ ცდილობდა იმჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაზე კონტროლის დაწესებას და მისი აქტივების ხელში ჩაგდებას. ბადრის გარდაცვალების შემდეგ ჯოზეფ კეის გამოყენებით მათ მოახერხეს და დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა, ჩააყენეს სახელისუფლებო პროპაგანდის სამსახურში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიის ე.წ. მფლობელები იძულებული გახდნენ, დაებრუნებინათ არხი კანონიერი მესაკუთრისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მედია-ჰოლდინგის აქტივების დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან ის უკვე გასხვისებული ან/და მითვისებული იყო იმ პირების მიერ, ვისი მეშვეობითაც ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო და წლების მანძილზე აკონტროლებდა ტელეკომპანიას. გვსურს ასევე, საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის" დაბრუნების შემდეგ ჰოლდინგის საკუთრებაში აღმოჩნდა NB106 ლიცენზია, რომელიც, როგორც ირკვევა, წარსულში „იბერია TV"-ს საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯოზეფ კეის და მსგავსი ელემენტების გამოყენებით იმჟამინდელი ხელისუფლება ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით აკონტროლებდა "ტელეიმედს" და ამავდროულად ფლობდა აღნიშნულ ლიცენზიას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უცხო არ არის იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი ემისრების ქმედებების ფორმები და ამგვარი ქმედებების შედეგად მიღებული უსამართლობის და განუკითხაობის განცდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მზად ვართ, კეთილი ნების საფუძველზე გადავცეთ NB106 ლიცენზია „იბერია TV"-ს. და ბოლოს, გვინდა, დავარწმუნოთ საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია ზიანი, რომელიც ჩვენს ოჯახს მიადგა ძველი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ვიბრძოდით და თუ ეს აუცილებელი იქნება, მომავალშიც ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლიანობისთვის და არასოდეს შევეცდებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდებას. ასევე გვსურს, გვწამდეს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციებითა და საყოველთაოდ ცნობილი თაღლითების წახალისებით სხვათა საკუთრების ხელყოფას ახერხებდა", - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.