დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის უწყებათშორისი დელეგაცია, აშშ-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით შს სამინისტროში მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს. დელეგაციის წარმომადგენლებმა შს მინისტრთან შეხვედრის დროს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს უწყებათშორისი დელეგაციის წევრები: პეიჯ ალექსანდერი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; ქეთრინ ნიუქომბი - იუსტიციის დეპარტამენტის, უცხო ქვეყნების პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრეინინგის განყოფილების წარმომადგენელი; სკოტ დალეა - თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი; ვენდი სილვერმანი - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში; ჯონ მარკ ფომერშაიმი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების საკითხების სამსახურის დირექტორი; ტობი დევისი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსი საქართველოს საკითხებში
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.