ქალაქ ბათუმის ყოფილი მერი ასლან სმირბა ბადრი პატრკაციშილის ოჯახისგან ბათუმში მდებარე მისი ყოფილი რესტორნის გასხვისებისას შეთანხმებული თანხის გადახდას მოითხოვს
სმირბას განმარტებით, რესტორანი 1 მილიონ ლარად ბადრი პატარკაციშვილის სასარგებლოდ, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინიციატივით 2005 წელს დათმო, თუმცა კუთვნილი თანხა მას ამ დრომდე არ მიუღია.
"მე ხელთ მაქვს ბიბლია, რომელზეც ხელს დავადებ და ღმერთის წინაშე დავიფიცებ, ასე მაცოცხლოს მე ღმერთმა და ასე აცოცხლოს ჩემი ოჯახის 4 შვილიშვილი, მე თუ ერთი კაპიკი მიმეღოს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრისგან ან ვინმესგან. მისი მეუღლე, ქალბატონი ინა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ბრძოლობს, ჩხარტიშვილთან ფინანსურ დარღვევებზე ბრძოლობს, ჯაოშვილთან ტელეკომპანია "იმედზე" ბრძოლობს, ყველაფრისთვის ბრძოლობს და უნდა ამ ქალს, რომ დიდი ფულები ნახოს. რა გახდა ასლან სმირბასთვის ეს 400 000 - 450 000 დოლარის გადახდა? !"- განაცხადა ასლან სმირბამ.
ცნობისთვის, ორი თვის წინ ბათუმის ყოფილმა მერმა მის საკუთრებაში არსებული რესტორნის გასხვისების საკითხზე მთავარ პროკურატურასაც მიმართა. ამ დროისთვის არნიშნულ საქმეს აჭარის საგამოძიებო ორგანო იკვლევს.