ENG / RUS       12+

``ქართულ ოცნებას``, როგორც ჩანს, სხვა არჩევანი არ ჰქონდა

რესპოდენტის შესახებ

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდის განმარტებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის ხარისხით უპრეცედენტო იქნება. როგორია ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო, პოლიტიკურ ვითარება, რა შანსები აქვს კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, ვინ არის მისი მთავარი კონკურენტი? ,,პრემიერი" ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ხათუნა, არსებობს ინფორმაცია, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" უკვე კარგა ხანია შიდადაპირისპირება არსებობს. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რატომ ვერ უზრუნველყო ერთიანი, მონოლითური გუნდის ჩამოყალიბება?

_ საკმაოდ რთული კითხვაა, ამიტომ ცალსახა პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ ვერსია, თუ რატომ ვერ ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა ერთიანი გუნდი. დავიწყოთ იმით, რომ ივანიშვილს რთულ პერიოდში მოუხდა თანაგუნდელების მოძებნა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არსებული შიშისა და ტერორის გამო, ბევრმა ივანიშვილის გვერდზე დადგომა ვერ შეძლო. ამითაც შეიძლება აიხსნას პარლამენტის თუ მთავრობის მიმართ გაჩენილი ნეგატიური დამოკიდებულება. ამასთანავე, ქართული პოლიტიკური ისტორია ადასტურებს, რომ ჩვენთან მყარი კოალიციები არ არის და ისინი, ძირითადად, საარჩევნო მიზნებისთვის იქმნება.

_ ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების წრმომდგენლებს ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, მათ შორის, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, მათი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო?

_ არა მგონია, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი მიზანი უშუალოდ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასტუმრება ყოფილიყო. ჩემი აზრით, მთავარი იმ გარემოს, სისტემის შეცვლა იყო, რომელიც აქამდე არსებობდა და ეს ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა. საქართველოში დღეს არის სიტუაცია, როცა არ არსებობს არათუ მონსტრი, არამედ მონოლითური პარტიაც კი და ყველა პარტიას თანაბარი შანსი აქვს. როგორ გამოიყენებენ ამ შანსს, მათზეა დამოკიდებული. ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მოასუფთავა პოლიტიკური ველი, ისე, რომ არ დატოვა, არ შექმნა მონსტრი პოლიტიკური პარტია, არადა, ეს მას შეეძლო.

_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არსებობს ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების ან თუნდაც მთავარ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შესაძლებლობა?

_ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას გამოვრიცხავ. თუმცა დღეს სააკაშვილის პარტიას პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე ეს ჰქონდა 2012 წლის პირველ ოქტომბერსა და უახლოეს პერიოდში. ეს განაპირობა არა საკუთრივ ,,ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციამ, არამედ კოჰაბიტაციამ, როგორც მოვლენამ. დრომ აჩვენა და დღესაც თამამად შეგვიძლია საუბარი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" კოჰაბიტაცია დასავლეთის მხრიდან, ფაქტობრივად, მაშველი რგოლი იყო.

_ კოალიცია ,,ქართული ოცნების" შეცდომა იყო, როცა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაზე წავიდა?

_ ,,ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლა იყო. შეიძლება ითქვას, კოჰაბიტაცია დასავლეთის მოთხოვნაა, რათა ,,ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკაში დარჩეს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. ზოგადად, ცუდი არ არის, როცა არჩევნებთან ერთად პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ასრულებს პარტია.

_ სოციალურ კვლევებს თუ დავეყრდნობით, ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია ,,ქართული ოცნების" რეიტინგი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მალევე დაეცა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხა პრემიერ-მინისტრმა რეიტინგის შენარჩუნება, არათუ გაზრდა?

_ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის რეიტინგი ეცემა, როგორც კი ის ხელისუფლებაში მოდის. პოლიტიკური პარტიის რეიტინგი ხელისუფლებაში მოსვლამდე მოლოდინზეა დამოკიდებული. მოლოდინების შექმნა კი გაცილებით იოლია, ვიდრე ცხოვრებაში რეალიზება. ივანიშვილისა და კოალიციის რეიტინგის კლება შეიძლება განაპირობა ასევე კოჰაბიტაციამ. ფაქტობრივად, კოალიციამ ენერგია, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქვეყნის შენებას, მოახმარა უმძლავრესი მტრის, ,,ნაციონალური მოძრაობისა" და მის მიერ დაგებული ხაფანგების განეიტრალებას. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის რეიტინგის დაცემა განაპირობა საკადრო რესურსმაც, რაზედაც წინა კითხვის პასუხისას ვისაუბრეთ. ფაქტობრივად, ივანიშვილმა ის გუნდი შეკრიბა, რისი საშუალებაც ჰქონდა. შესაბამისად, ახლა ვიმკით ყველაფერ ამის შედეგს.

_ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს თუ გადავხედავთ, მათი დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ უზრუნველყო პრემიერ-მინისტრმა დანაპირების შესრულება?

_ სწორედ შეუსრულებელმა დაპირებებმა განაპირობა კოალიცის რეიტინგის ვარდნა. ზოგადად, ხელისუფლება ასეთ რეჟიმში შენებასა და მართვას ცხრა წლის განმავლობაში გადაჩვეული იყო, როცა მართვის სტილი ავტორიტარულიდან დემოკრატიულზე გადავიდა. ამ ყველაფერმა კი სახელმწიფო სტრუქტურებში სრული ქაოსი და დაბნეულობა გამოიწვია. ამის ნათელი მაგალითია პროკურატურა, რომლის მუშაობა ლამის პარალიზებულია. სააკაშვილის დროს პროკურორებს გამზადებული გადაწყვეტილებები ჰქონდათ ამა თუ იმ საქმეზე. ამ კადრების ნაწილი პროკურატურაში დღესაც მუშაობს. ახლა როცა ტერორის, წამების გარეშე უწევთ მტკიცებულების მოპოვება, ეს მათთვის დაუძლეველი ამოცანა აღმოჩნდა, რომლისთვისაც მზად არ არიან.

_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, რას ფიქრობთ კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებზე და ვინ მიგაჩნიათ მის მთავარ კონკურენტად?

_ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილის სასტარტო პოზიცია წინა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, ყველაზე სუსტია, მაინც მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. ის საქართველოს პრეზიდენტი გახდება. წინა საპრეზიდენტო კანდიდატები საარჩევნო კამპანიას უფრო მაღალი რეიტინგითა და მომგებიანი პოზიციებით იწყებდნენ, ვიდრე დღეს მარგველაშვილი. თუნდაც იგივე სააკაშვილი, შევარდნაძე, აღარაფერს ვამბობ გამსახურდიაზე. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისგნ გამორჩეულია იმითაც, რომ ბრძოლა მიდის ერთდროულად ორი პოსტისთვის: პირველი ადგილისთვის _ პრეზიდენტობისთვის, მეორე ადგილისთვის _ ანუ ვინ იქნება ქვეყანაში მეორე პოლიტიკური სტატუსის ლიდერი. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. იურიდიულად, სამართლებრივად, არც ახლა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეორე ადგილზე გასულ პერსონალს, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო ადეკვატურად არ ასახავს საზოგადოების განწყობებს. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე თუ ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გავა, ეს მათი ფეხზე დადგომისთვის, რეიკარნაციისთვის არნახული შანსი იქნება. თუმცა ერთი რამ მაფიქრებს, რატომ ჩანს რეიტინგებში ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე, რადგან ეს მაჩვენებელი საზოგადოების განწყობებს არანაირად არ პასუხობს. დასავლეთის მხრიდან ხომ არ არის მოთხოვნა რეიტინგებში ბაქრაძის მეორე ადგილზე ყოფნის, ისევე, როგორც სწორედ მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო კოჰაბიტაციის არსებობა. ვფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დაისვას.

_ კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის შესაძლებლობას გამორიცხავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაიმართება მეორე ტური?

_ ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. გააჩნია, როგორ პიარკამპანიას აწარმოებენ საპრეზიდენტო კანდიდატის ძირითადი სუბიექტები. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ექნება საარჩევნო კომისიების მუშაობას, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრებითაა დაკომპლექტებული, როგორ წარიმართება ხმის დათვლის პროცესი და წინასწარ არსებულ განწყობებთან ხომ არ გვექნება საქმე.

გაზეთი "პრემიერი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი 

 

 

ავტორი: . .