რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლ ქვეშ გადაცემის გეგმის მომზადებითაა დაკავებული, რომელსაც უახლოეს დროში წარმოადგენს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„რუსული მხარე ამჟამად დაკავებულია სიცოცხლისუნარიანი, მკაფიო და კონკრეტული გეგმის მომზადებით და სწორედ ამ წუთებში სირიის მხარესთან კონტაქტები ხორციელდება", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ლიბიელ კოლეგასთან მუჰამმედ აბდელ-აზიზთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
„ამ გეგმას უახლოეს დროში წარვადგენთ და ბოლომდე დავხვეწთ მას გაეროს გენერალურ მდივანთან, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასა და უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად", - განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ გაეროს ექსპერტები უნდა დაბრუნდნენ სირიაში ქიმიური იერიშის გამოსაძიებლად.
მასალის გამოყენების პირობები