ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. ნატოს სამხედრო კომიტეტის სპეციალურ კონფერენციაზე, რომელიც 14-და 15 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება სირიის საკითხი განიხილება. ბუდაპეშტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური შტაბების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელმა დენ ტერმენსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, "სირიის თემა კონფერენციაზე განხილული იქნება ფართოდ და ყოვლისმომცველად, თუმცა ნატო როგორც ორგანიზაცია, სირიის შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს".
აღსანიშნავია რომ, ჯერ ჯერობით ნატოს წევრი 28 ქვეყნიდან, მხოლოდ საფრანგეთმა გამოთქვა შესაძლო მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბაშრ ალ ასადის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციაში, თუმცა არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც საფრანგეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ განიხილავენ და სირიის რეჟიმის სამხედრო- სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დაბომბვებით შემოიფარგლებიან.