დღეს, 4 სექტემბერს, "ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმი დასახელდება. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაცით , "ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმის შერჩევა დღეს დასრულდება, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი აშშ-ის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე რომელი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი.
კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე, კანდიდატი ფილმის შესარჩევად თხოვნით აგვისტოს თვეში მიმართა.
კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს "ოსკარზე" წარსადგენად განაცხადით მიმართა სამმა ფილმმა: "გრძელი ნათელი დღეები" (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სასი მონგროსი); "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" (რეჟისორი თინა გურჩიანი) და "იბრძოლე" (რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი).
წარსადგენი ფილმის შესარჩევად 17-კაციანი კომისია შეიქმნა. დახურული ჩვენებები 3 და 4 სექტემბერს კინოთეატრ "ამირანში" იმართება.
4 სექტემბერს ოფიციალურად გამოცხადდება "ოსკარზე" წარსადგენი ფილმი საქართველოდან.
ფილმების დახურული ჩვენება დასრულდება 14:00 საათისთვის და ჟურანლისტებისთვის პრესკონფერენცია გაიმართება.
ამერიკის კინოაკადემიის 86-ე დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 მარტს გაიმართება.