Fly Georgia თვითმფრინავის გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, Fly Georgia-ს სალიზინგო კომპანიამ თვითმფრინავი ჩამოართვა და Airbus-ის ტიპის ხომალდი რამდენიმე დღეა უკვე ბრიუსელშია „დაპატიმრებული". გავრცელებული ინფორმაციითვე, Fly Georgia-მ საერთაშორისო სალიზინგო კომპანია „აილეფსს" დავალიანება ვერ გადაუხადა და კომპანიაც იძულებული გახდა Fly Georgia-თვის თვითმფრინავი ჩამოერთმია.
Fly Georgia-ში თვითმფრინავის ჩამორთევის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმც განმარტავენ, რომ ერთი თვითმფრინავი ამ დროისათვის მართლაც გაჩერებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში Fly Georgia-ში მენეჯმენტი გამოიცვალა და ახალმა მენეჯმენტმა საჭიროდ ჩათვალა, წინა მენეჯმენტის დროს დადებული ხელშეკრულებები გადახედილიყო. კომპანიის ინფორმაციით, ახალი მენეჯმენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სალიზინგო ხელშეკრულება და ამიტომ კომპანიამ ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და დეტალების გარკვევამდე ხომალდი ბრიუსელში დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ერთი საჰაერო ხომალდი გამოაკლდა, როგორც Fly Georgia-ში აცხადებენ, მგზავრთა გადაყვანის მხრივ, მის კლიენტურას პრობლემები არ შეექმნება, რადგანაც კომპანიას სხვა საიჯარო ხელშეკრულებებიც აქვს გაფორმებული და ავიაკომპანიას მუშაობაში პრობლემები არ შეექმნება.
სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თამჯდომარე გიორგი კოდუას სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს, თუმც კომენტარს ვერ გააკეთებს.
სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია კი განმარტავს, რომ Fly Georgia-სთან დაკავშირებულ სიტუაციას ფლობს და პრობლემა მოგვარებადია. ჯალაღონიას თქმით კომპანია მალე შეძლებს დავალიანების გასტუმრებას.
„კი, Fly Georgia-ს მდგომარეობა მთლად კარგად ვერ აქვს, თუმც არც ისე სრთულადაა საქმე. მუშაობა მიმდინარეობს და კომპანიას შეძლებს დავალიანების დაფარვას და სიტუაცია მოგვარდება"- აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.
აღსანიშნავია, რომ Fly Georgia ბოლო პერიოდში რამდენიმე სკანდალში გაეხვა. ივლისში, Fly Georgia-ს მგზავრებით სავსე თვითმფრინავი გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში გააჩერეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიას მაშინ დუსელდორფის აეროპორტის დავალიანება ჰქონდა, რის გამოც საწვავი არ მისცეს.
იმავდროულად, Fly Georgia-ს პრობლემები საქართველოს მთავრობასთანაც შეექმნა, როდესაც გავლენიანმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა" სამი ირანელი ბიზნესმენი, რომლებიც საქართველოში ავიაკომპანია Fly Georgia-ს , „ინვესტბანკს" და სხვა ბიზნესებს ფლობენ, ოფიციალურ თეირანთან მჭიდრო კავშირში დაადანაშაულა. The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო იზრდება ირანელების ინვესტიცია. სტატიაში აღნიშნული იყო ისიც, რომ კერძოდ, საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილია 150 მცირე თუ საშუალო კომპანია, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით.
აღნიშნული სტატიის საპასუხოდ თავის მართლება მოუწია საქართველოს იუსტიციის მინისტრს.მაშინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს.