ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის სამთავრობო ძალებზე სამხედრო შეტევის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ Rose Garden-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი კონგრესმენების შვებულებიდან დაბრუნებამდე მათ პასუხს დაელოდება თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესმენებს მოუწოდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე პასუხისმგებლობა აიღონ და საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.
"დღეს მე ველოდები პასუხს კონგრესისაგან, რომ დავანახოთ მსოფლიოს რომ ჩვენ ვართ ერთიანი როგორც ერთი ერი,"- განაცხადა ბარაკ ობამამ.
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და მსოფლიომ ამ გამოწვევას აუცილებლად უნდა უპასუხოს.
"ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც დამასკოში მოხდა",- განაცხადა ბარაკ ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის განახორციელებს აშშ სირიაში სამხედრო ოპერაციას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, მომავალ კვირას ან უახლოეს მომავალში.
ბრიტანული გამოცემა BBC-ს ინფორმაციით, ბარაკ ობამას, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, უფლება აქვს საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის წევრთა თანხმობის გარეშეც მიიღოს.
ამერიკის კონგრესის სხდომა 9 სექტემბერსაა ჩანიშნული.