დედაქალაქის მერის გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებული დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს განახლდება.
აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე 4 მოწმე დაიკითხა, რომელთა შორის მერიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან, თუმცა არც ერთ მათგანს გიგი უგულავას საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მიუცია.
დღეს დაკითხული მოწმეების თქმით, რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით უგულავას დანაშაული არ მიუძღვის და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს განახლდა. გამოძიების ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, თუმცა მათი რაოდნობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ბრალდებას, საქმე ეხება ორ ეპიზოდს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი საკითხი ტელეკომპანია "იმედის" მისაკუთრების დანაშაულებრივი სქემაა, რომელშიც პროკურატურის ცნობით, მთავარი მონაწილე თბილისის მერი იყო. ბრალდების მხარის მეორე ეპიზოდი ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დახარჯულ თანხებს ეხება.