თბილისის საქალაქო სასამართლო ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე გაიმართა 5 სასამართლო სხდომა და დაიკითხა ბრალდების 11 მოწმე. საქმის არსებითად განხილვისას, გამოკვლეულ იქნა წერილობითი ხასიათის მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და გარე-ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ასევე შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ამსახველი ნუსხა. სხდომაში მონაწილეობს 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიზღუდა კინო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული განჩინება მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ, როგორც ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების, ისე ბრალდებულთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის აუცილებლობას. ბრალდებულთა მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, მტკიცებით ფორმაში მომზადებული მასალებით არსებითად ირღვევა პირთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ზემოქმედებას იქონიებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე", _ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.