ENG / RUS       12+

„მედვედევის განცხადებები „ნაცმოძრაობას" ყოველთვის აძლევს საშუალებას, ამოყვინთოს და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰაერი ჩაისუნთქოს"

რესპოდენტის შესახებ

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებსა და ვრცელ გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მედვედევის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტეიტორიების დაბრუნების პერსპექტივების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უპასუხეს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართულმა მხარემ აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობა პირდაპირი დიალოგის და სახალხო დიპლომატიის გზით უნდა მოაგვაროს". რამდენად შესაძლებელია, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ნების გარეშე, მხოლოდ ქართული, ოსური და აფხაზური საზოგადოების მიერ სახლახო დიპლომატიის გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ საკითხზე "ჯი-ეიჩ-ენი" „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილს ესაუბრა. 
 
- ბატონო ზაალ, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა და შემდგომში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადეს, რომ აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის აღდგენა ამ ხალხებს შორის უშუალო და პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. თქვენ, როგორც „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" წარმომადგენელს, როგორ მიგაჩნიათ, რა საკითხებზე უნდა შედგეს საუბარი ამ ხალხებს შორის? 

- კონკრეტული მაგალითით გაგცემთ პასუხს. ჩვენ ჩავატარეთ პრესკონფერენცია და აფხაზ და ოს ხალხს მივმართეთ ჩართულიყვნენ სამშვიდობო პროცესებში. გარდა ამისა, ჩვენ მათ შევთავაზეთ ნდობისა და ურთიერთობის აღსადგენად, 1990-იან წლებში მიყენებული ზარალის ანაზღაურების კუთხით გარკვეული საუბრები დაწყბულიყო. დაახლოებით ერთი კვირის წინ კონტაქტზე გამოვიდნენ აფხაზ და ოს ერში ავტორიტეტუყლი ადამიანები. ადამიანები, რომელთაც ერის წინაშე დამსახურება აქვთ, რომელთა გარეშეც არც ერთი არჩევნების ბედი იქ არ წყდება . ისინი ასევე სახელმწიფო მოხელეები არიან და ამიტომ ამ ეტაპზე მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ეს აფხაზებში და ოსებიდან ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ".

- თქვენ ახსენეთ, რომ აფხაზი და ოსი ხალხის წარმომადგენლებმა რამდენიმე ინიციატივა მოიწონეს და თქვენს მიერ შეთავაზებულმა რამდენიმე პროექტმა მათი დაინტერესება გამოიწვია. კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი?

- როგორც ვთქვი, პირველი: 1990-იან წლებში დაზარალებული ადამიანების და მათი ოჯახების მარეტიალური კომპენსაცია. მეორე: ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა ოსებს, აფხაზებს და ქართველებს შორის. ნებისმიერი ეკონომიკური ბარიერის მოხსნა. მაგ: ფოთის პორტიდან ჩამოსული ავტომანქანა აფხაზეთში გადასვლისას ისე არ უნდა განბაჟდეს, როგორც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე განბაჟდება ხოლმე და უნდა გადაადგილდებოდეს როგორც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე ვისაუბრეთ 2007 წლის გაზაფხულსა და 2007 წლკის ოქტომბერში განხილულ ეკონომიკურ საკითხებზე. შინაგანი მზაობა ამ ხალხისა ამ მიმართულებებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმისთვის, არის. ეს საკითხები ნდობის აღსადგენად აუცილებელია. პიროვნულად რამდენიმე ადამიანს საქართველოში ინვესტიციაც აინტერესებს, ეს პირველი ნაბიჯია ნდობის აღსადგენად, თუმცა ისინი ამ თემებზე საუბრისას აუცილებლად ახსენებენ, ერთადერთი ძირითადი საგულისხმო თემა რუსეთის დამოკიდებულებაა.

- თქვენ ახსენეთ, რომ საუბრისას ერთ-ერთი საკითხი 1990-იან წლებში აფხაზეთის მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება იყო. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს აფხაზი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება?

- ეს თემა გაჟღერდა აფხაზების, ოსების და ჩვენი მხრიდანაც. არ ყოფილა ისეთი საუბარი, რომ საქართველოა დამნაშავე და საქართველომ უნდა გადაიხადოს ან რომელიმე სხვა მხარემ. აფხაზეთში 1990-იან წლებში დანგრეული და გადამწვარი როგორც იყო სახლები, ასევეა დღესაც. ეკონომიკურად ყველას უჭირს, ამიტომ ეს თემა იდგა. მე რადგან უფლებამოსილება არ მქონდა ამ თემებზე საუბრისა და რადგან ჩემს უკან ამ საკითხში ღრმად შესვლის პოლიტიკური ნება არ იდგა, საუბარი არ გამიგრძელებია.

- თქვენ ამბობთ, რომ შეთავაზებული ეკონომიკური პროექტი აფხაზი, ოსი და ქართველი ხალხის ინტერესეში ჯდება. რა სახის ეკონომიკური პროექტია და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თითოეული ხალხისთვის? 

- ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალებისგან. ჩვენ შემოდგომაზე სერიოზული პრესკონფერენციის ჩატარებას ვაპირებთ და დეტალურად ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელთა გამოც, ისინი დიალოგზე წამოსვლისთვის მზად არიან. ამიტომ დროზე ადრე არ მინდა მოვლენებს დავასწრო და რაიმე განცხადებები გავაკეთო, რადგან კონკრეტული დეტალების გახმაურებამ საფრთხეები არ შეუქმნას პროეტქტს.

- ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წარმოამდგენლებთან აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას ისინი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმომადგენლები ისე გესაუბრებოდნენ?

- ცხინვალელი ოსები, რომლებიც ამჟამად ვლადიკავკაზში ცხოვრობენ, არ ლაპარაკობდნენ როგორც სახელმწიფოს წარმონაქმნის წარმომადგენლები, ისინი ძალიან განიცდიან, რომ ცხინვალიც დაკარგეს. მათი პოზიცია იყო „თქვენ რომ ჩვენი ინტერესი გქონოდათ, კოკოითის მოშორება ჩვენს ინტერესებშიც შედიოდაო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ არასწორი აქცენტები გააკეთაო". ოსებმაც და აფხაზებმაც მითხრეს, „თქვენი ორგანიზაცია 2007 წლიდან რა თემებზეც გველაპარაკება, არავინ ამ თემებზე საქართველოს ხელისუფლებიდან არ გველაპარაკებაო". რაც შეეხება აფხაზეთის წარმომადგენლებს, ისინი ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ ურთიერთობის გარღვევა მხოლოდ ზემოთ ხსენებული პუნქტების განხორციელები შემდეგ შეიძლება მოხდეს. მათთან აუცილებლად უნდა აღდგეს ნდობა, რადგან არ გენდობითო გვეუბნებიან. ომში ძალიან დიდი იყო ჩვენგან და მათგანაც მსხვერპლის ოდენობა. მართალია, ნდობის აღდგენა უნდათ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო განსაკუთრებულად სასოწარკვეთილია და თვითგვემა აქვს დაწყებული.

- რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ფედერაციიდან ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ჩამოსულმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრთან დევნილების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა და კონკრეტული პირობაც მიიღო, თუმცა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ შემდგომ გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავებული კონტექსტის იყო. ამასთან, მედვედევი მიიჩნევს, რომ დევნილების დაბრუნება მხოლოდ სახალხო დიპლომატიით შეიძლება მოხდეს. რამდენად რეალურია იმის წარმოადგენა, რომ აფხაზებმა და ოსებმა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძრვანელობის გადაწყვეტილებებისგან თავისუფალი ნაბიჯები გადადგან და მხოლოდ სახალხო დიპლომატიის გზით საქართველოსთან ურთიერთობა აღდგეს?

- ძალიან ძნელი იქნება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნების გარეშე ამ ურთიერთობის აღდგენა. მედვედევის ინტერვიუში ჩვენთვის არაფერი უცხო არ ყოფილა. აღსანისნავია, რომ მედვედევის განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის აძლევს საშუალებას ამნოყვინთოს და სასიცოხლო მნიშვნელობის ჰაერი ჩაყლაპოს. მედვედევის განცხადებები ყოველთვის აძლევდა და ახლაც აძლევს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას" ატარონ პრესკონფერენციები, აკეთონ განცხადებები, პიარი გაიკეთონ და თავის მართლების საშუალება მიეცეთ. ასე რომ, მედვედევი არაპირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობას" საშუალებას აძლევს გაცოცხლდეს, თუმცა მადლობა ღმერთს, მედვედევის გადასაწყვეტი არაფერია. იგი არის სომხურის ლობის რუსული ფრთის ტიპიური წარმომადგენელი. ასე რომ, მისი კატეგორიულობა შემთხვევითი არ არის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მიმდინარეობს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების საქმიანობა და რეალური ნაბიჯები იდგმება თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების კუთხით? 

- რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურიერთობებს, მე ძალიან მიჭირს იმ უწყებების თუ კომისიების ხელმძღვანელების დარიგება, რომლებიც ამ საქმეს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ვერც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ამ საკითხს თავი ვერ გაართვა. ათი თვის გამავლობაში რაც შეძლეს და მოახერხეს, ისაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი დააკნინეს. ნაცვლად იმისა, რომ პირადი კავშირების გამოყენებით ეს ფორმატი გაეძლიერებინათ. მე ასე ვხედავ, რომ მათი მხრიდან მხოლოდ დეკლარირებული განცხადებები ისმის და მათი საქმიანობა არ დაგვინახია. ერთადერთი შემთხვევა ვიცი და აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი, რომელსაც არავითარი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ აქვს, გააგზავნა აფხაზებთან სალკაპარაკოდ და ვისთანაც გააგზავნეს, არც იმას აქვს რაიმე გადაწყვეტილების მიღების ძალაუფელება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიც დაკნინდა. 

- კონკრეტულად ვისზეა საუბარი და გაქვთ თუ არა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისგან რა ტიპის მოლაპარაკებების წარმართვის დავალება მიეცა მას? 

- არ დავკონკრეტებულვართ კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს, რადგან ჩვენს აფხაზ და ოს მეგობრებთან საუბრისას ასეთი დეტალებისთვის საუბრისთვის დრო არ დავკარგეთ. ჩვენი ძვირფასი ურთიერთობის დრო ჭორების მოსმენაზე და ჭორებზე არ უნდა იხარჯებოდეს. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სასუბრო თემა ის უნიკალური ეკონომიკური პროექტია, რომელიც ყველა მხარის ინტერესებში შედის და ურთიერთობის დარეგულისრების კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირდაპირ გვითხრეს, რომ ამ პროექტების გამო ბრძოლაც კი შეიძლებაო, ისე მოეწონათ.

- ჟენევის მოლაპარაკებების დანინების თაობაზეც განაცხადეთ, რატომ მიიჩნევთ, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი დაკნინებულია?

- ჟენევის ფორმატი მართლაც ძალიან დაკნინდა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რეინტეგრაციის საკითხთა სამინისტრიოს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიას როგორც ჩანს, არ აქვს მკაფიო გზავნილები. მათთან ერთად, ყოველთვის დადიან „ნაციონალები", რომლებიც ქართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ხელისუფლების შემოთავაზება, მათთვის მთავარია, ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას და შემოთავაზებას წინააღმდეგობა გაუწიონ, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ. ამ დაპირისპირებამ ოსურ და აფხაზურ წარმომადგენლობას საშუალება მისცა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავი ემართლებინა რომ - „ჩვენ რა უნდა ველაპარაკოთ ქართველებს, თვითონ ვერ მოუგვარებიათ ერთმანეთში ურთიერთობებიო". „ნაციონალური მოძრაობა" ჟენევის ფორმატს ისე აპიარებდა, რომ ჩანდა თითქოს ეს იყო კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა, ამას დაემატა ხელისფლების წარმომადგენელთა შესაბამისად მოუმზადებლობა და სახეზეა ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინებული ფორმატი. რეინტეგრაციის სამინისტრო ძალიან არაეფექტურად მუშაობს.

- საუბრის ბოლოს, თქვენ ჩამოთვალეთ კონკრეტული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც აფხაზი და ოსი ხალხის წარმოამდგენლებისთვის საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონფლიქტური რეგიონების საკითხებზე მომუშავე შესაბამის უწყებებთან თუ გეგმავთ რაიმე სახის კონსულტაციას და ოპტიმალური სამომავლო გეგმეებისა დასახვის მიზნით რეკომენდაციების მიცემას?

- საქმე იმაშია, რომ ჩვენ ეს ინიციატიები და ჩვენს მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგები არავისთან მიგვიტანია. პირადად მე, აფხაზებთან და ოსებთან 2007 წლის გაზაფხულზე და 2007 წლის ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი. იქ რა საკითხებიც განვიხილეთ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებაც იციან და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც იცოდნენ. მათ ზუსტად იციან რა გვაქვს ნაკეთები და რისი გაკეთებაც შეგვიძლია,თუმცა ალბათ იმის გამო, რომ მათი საქმიანობა არ გადაიფაროს, ამის განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და თუ ასე გააგრძელეს მუშაობა, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი ხუხია

 

 

 

 

ავტორი: . .