საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ექს-პრემიერის, პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას არასოდეს უფიქრია, რომ 26 მაისის საპროტესტქო აქციის დაშლის მსგავს ბრალდებებზე თავის მართლება მოუწევდა.
მისი თქმით, მის ადვოკატებს დიდი შრომა დასჭირდათ, რომ აღნიშნული აქციის დაშლის თაობაზე ამერიკული კომპანიის მიერ მოზადებული დასკვნის ასლი მოეპოვებინათ, რომელიც ადასტურებს, რომ 2011 წლის 26 მაისს ყველა ქმედება კანონიერი იყო.
ამასთან, მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად აჭიანურებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული ამერიკული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა მისი ადვოკატებისთვის გადაეცა.
"დღეს, ჩემი ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა განახორციელა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში. აღნიშნული დასკვნის მოზადება სამინისტრომ დაუკვეთა კერძო კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით. დასკვნის მომზადების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს ჰქონდა 2011 წლიდან, თუმცა არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული და პოლიტიკურად გამოყენებული. ამ დასკვნის ერთადერთი მიზანი იყო მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება და რჩევების მიღება მდიდარი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, კომპანიის შერჩევა მოხდა ამერიკელი მეგობრების მიერ. მიმაჩნია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. მე არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მსგავს ბრალდებაზე თავის მართლება და შესაბამისად, არც მიფიქრია ამ დოკუმენტის ადრე გამოქვეყნების ან მისი შენახვის თაობაზე. სწორედ ამიტომ, ჩემს ადვოკატებს დასჭირდათ სერიოზული შრომა ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად, რამაც ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გაეჭიანურებინა დოკუმენტის გადმოცემის პროცესი და მისი მიღება მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩარევით მოხერხდა. იმის გამო, რომ მე მოკლებული ვარ საშუალებას თავად მოვიძიო ჩემი დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ჩემს ადვოკატებს უწევთ დიდი შრომის გაწევა, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი მათ. მე ვფიქრობ, რომ დღემდე პროკურატურას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ბრალდება ჩემს წინააღმდეგ წარდგენილი არ იქნებოდა,"- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით წაყენებული ბრალის მოხსნას და აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
როგორც ჩივიაშვილმა საგანგებოდ გმარათულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ამერიკული მხარის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმა "დენსუსმა" მოამზადა.
ჩივიაშვილის თქმით, "დენსუსი" სპეცდანიშნულების დანაყოფების მომზადების და მათი შეფასების დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, მის მიერ შედგენილ დოკუმენტში კი, საუბარია, რომ არსებობდა ოპერაციის სრულფასოვანი ტაქტიკური გეგმა და ეს გეგმა ჩატარებული ოპერაციის მეთაურებს ჰქონდათ გაცნობილი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა სამართალდამცველმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, თუმცა აღნიშნული გადაცდომის მქონე 15 პოლიციელი თავის დროზე დააკავეს და მათი სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოხდა.
"აღნიშნული დოკუმენტი ახალი მტკიცებულებაა, რომელიც აქამდე საჯარო მარ გამხდარა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით ბატონ მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება. ბრალდების ფორმულირების მიხედვით, მან არასწორად შედგენილი დაშლის გეგმა დაამტკიცა და კანონშეუსაბამო დავალებები გასცა. აღნიშნული დასკვნა 2011 წელსვე გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაცვის მხარეს ამ დასკვნასთან წვდომის შესაძლებლობა ჰქონოდა და გვენახა რა იყო მოცემული ამ დასკვნაში, მაგრამ ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, რატომღაც სიჩუმე იყო და აქამდე არ გადმოგვცეს. მხოლოდ ახლახანღა მოხერხდა მთავარი პროკურატურის მიერ აღნიშნული დასკვის ჩვენთვის გადმოცემა. ჩვენ ვნახეთ ეს დასვნა და მასში ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, თუ რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს. ამ დასკვნის მიხედვით, აბსოლუტურად სწორად იყო განხორციელებული დაშლის გეგმა, აბსოლუტურად სწორად იყო იგი მინისტრის მიერ დამტკიცებული და განხორციელებული. ეს მოცემულობა იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ბრალდებას სულ მცირე, ახლადაღმოჩენილი გარემოება აქვს, რომ ბატონი მერაბიშვილის მიმართ შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა და სხვა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება მაინც შეცვალოს,"- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალმა ზონამ" "2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა დღეს გაავრცელა.
ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართული ოპოზიციის აქციის დაშლის ოპერაციის დასკვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით, ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.
"რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და მიამაგრეს ქუჩის ბოძებს. ეს საქცილი შეიძლება გავიგოთ როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან. ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა ბარიერები პარლამენტის სამხრეთ მხარეს რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან 200- მა წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. რამდენიმე მანქანა, რომელიც ეკუთვნოდა პროექტის ორგანიზატორებსა და მათ მცველებს დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს, ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ, გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და სამოქალაქო პირი. ოპერაციის ტაქტიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდა დანაყოფების მეთაურებს. არსებობდა გეგმები მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. არსებობდა დეესკალაციის გეგმა. ოპერატიული ინფორმაცია სათანადოდ ეცნობებოდა მეთაურებსა და დანაყოფებს და საფუძვლად ედებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს. თავდაპირველად გამოყენებული რესურსები, მათ შორის არასასიკვდილო და სპეციალური დანიშნულების საშუალებები, იყო თითქმის მთლიანად ადეკვატური მოსალოდნელი საფრთხისა. არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას. შეშფოთებას იწვევს სოციალური საშუალებების ზედმეტად აგრესიული გამოყენების შემთხვევებიც, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებულია, " - ნათქვამია დასკვნაში.