რუსეთის ხელისუფლება იმედგაცრუებულია აშშ-ს გადაწყვეტილებით აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ. როგორც ცნობილია, ობამამ მოსკოვში, სექტემბერში დაგეგმილი ორმხრივი სამიტი გააუქმა, თუმცა სანქტ-პეტერბურგში „დიდი ოცეულის" სამიტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.
აშშ-ს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ედუარდ სნოუდენისათვის რუსეთის მიერ თავშესაფრის მიცემით არის განპირობებული. მართალია, ობამა სანქტ-პეტერბურგში ჩავა, მაგრამ ცალკე შეხვედრას ვლადიმერ პუტინთან არც იქ გამართავს.
„აშშ-ს დაზვერვის ექს-თანამშრომლის სნოუდენის პრობლემა ნათლად აჩვენებს, რომ აშშ კვლავინდებურად არ არის მზად რუსეთთან ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმართოს",_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უჩაკოვმა.
აღსანიშნავია, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტისათვის პირადად არც უცნობებია. ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება თეთრი სახლის მიერ გაკეთდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ლოს-ანჟელესში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ის იმედგაცრუებულია მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სნოუდენთან დაკავშირებით.
„ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი და რუსეთის საერთო მიზნების მისაღწევად არსებული პროგრესი არასაკმარისია აშშ-რუსეთის სამიტის ჩასატარებლად", _ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ამას გარდა, ამ შეხვედრის გადადების მიზეზად თეთრი სახლი ასევე ასახელებს რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებულ უთანხმოებებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
მასალის გამოყენების პირობები