"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRAS) თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებებით ნათლად გამოიკვეთა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოს არა რომელიმე კონკრეტულ მთავრობასთან აქვს პრობლემა, არამედ ორ ქვყანას შორის არსებული მუდმივი დაძაბულობის მიზეზი საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფუნდამნტურ აღქმას უკავშირედება".
როგორც ხოშტარიამ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, "მთავარი გზავნილი, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გააჟღერა ისაა, რომ ქართველმა ხალხმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს".
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედვედევის ამ განცხადებებმა მას შემდეგ გაიჟღერა, რაც ჩვენი მთავრობა თვეების განმავლობაში ცდილობდა რუსეთთან საერთო ენა რაღაც კონსტრუქციული გზებით გამოენახა. ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია და ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ მთავრობასთან. ეს დაკავშირებულია რუსეთის ფუნდამენტურ აღქმასთან საქართველოსთან მიმართებაში და ეს აღქმა გულისხმობს: როგორც რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ რეალობებს, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას; რაც გულისხმობს იმის თქმას, რომ რუსეთი არანაირ პასუხისმგებლობას არ კისრულობს 2008 წლის ომზე,"- განახადა ელენე ხოშტარიამ.