2013 წლის 20 ივლისს, სს "ქობულეთის სამედიცინო ცენტრში" ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება დილის 10:00 საათიდან შეეძლოთ.
კონსულტაციები და გამოკვლევები "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის", „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის" და ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას" წამყვანი სპეციალისტებმა ჩაატარეს. პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, ნევროპათოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, დერმატოლოგის, ოკულისტის და რევმატოლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.
უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
სს "ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებს. სამედიცინო კოლექტივს შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 19 აპრილს გადასცა. სამედიცინო დაწესებულებაში პოლიკლინიკურმა ნაწილმა ფუნქციონირება 22 აპრილს დაიწყო. გაიხსნა კლინიკურ-დიაგნოსტიკური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია და მიმღები განყოფილება.
უახლოეს დღეებში მუშაობას დაწიყებს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება.
მიმდინარეობს ნეიროქირურგიული, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებების მოწყობა. კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.