სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს - ეგიდით ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი საქართველოს სამეწარმეო და გადახდისუუნარობის შესახებ კანონმდებლობის პრობლემური საკითხების განხილვა და ანალიზი, ძირითადი ნაკლოვანებების გამოვლენა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების შეფასებაა იყო.
იუსტისიის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, „ყოფილი ხელისუფლების უხეში ქირურგიული ჩარევის შედეგად სამეწარმეო სამართალი სავალალო დღეშია. უკეთეს მდგომარეობაში არც გაკოტრების სამართალია. ჩვენ მოვიწვიეთ კერძო სამართლის ექსპერტები, რათა ვიმსჯელოთ თუ რითი შეიძლება ვუშველოთ ამ ძალზე მნიშვნელოვან სფეროს, რაც საერთო ჯამში, ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების საწინდარი იქნება",- განმარტავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და „GIZ"-ის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში" - ჯგუფის ხელმძღვანელმა ფოლკერ შტამპემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა სახელმწიფო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენციის შედეგების მიხედვით, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს სამეწარმეო და გაკოტრების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის სისტემურ რეფორმაზე უკვე უშუალოდ დაიწყებს მუშაობას.
„სამეწარმეო და გადახდისუუნარობის სამართლის" სფეროში რეფორმის გატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ამ სფეროში არსებული ხარვეზები გამოიკვეთა. იუსტიციის სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოხატავს, ხელი შეუწყოს სამეწარმეო სამართლის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და კანონის სრულყოფას.
კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოში სულ 6 სამუშაო ჯგუფია შექმნილი:
1. სანივთო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
2. საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
3. სამეწარმეო და გაკოტრების სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
4. ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
5. პირადი უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
6. სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ჯგუფი.
თითოეული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.