აშშ-ს ადმინისტრაცია „მაგნიტსკის სიის" გაფართოებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ დიპლომატმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა, რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის დროსაც გარდაცვლილი მაგნიტსკი კიდევ ერთხელ გაასამართლეს, ბრალდებულად აღიარეს და მისი რეაბილიტაციისათვის „საკმარისი საფუძველი" ვერ იპოვეს.
„ეს პაროდიაა მართლმსაჯულებაზე, როდესაც ვიღაც ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ გარდაცვლილი ადამიანი კიდევ ერთხელ გაასამართლოს, იმის ნაცვლად რომ მის გარდაცვალებაში ბრალდებულები იპოვოს", _ განაცხადა ნულანდმა კონგრესში.
ამას გარდა, მოსკოვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე სენატორმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მათ შორის იყო სენატორ-რესპუბლიკელი კონ მაკკეინი, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-მ ამის საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვერის რაიონულმა სასამართლომ მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ფონდ „Hermitage Capital"-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკის რეაბილიტაციისათვის საკმარისი საფუძველი ვერ ნახა და გარდაცვლილი და ფონდის ხელმძღვანელი უილიამ ბრაუდერი ბრალდებულებად გადასახადების გადაუხდელობაში აღიარა.
პირველად, საბჭოთა და რუსეთის ფედერაციაში სასამართლოს პროცესი აწ უკვე გარდაცვლილ ადამიანთან მიმართებაში წარიმართა - ბრალდებულის ადგილი თავისუფალი იყო.
ფონდ "Hermitage Capital Management"-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაცვალა.
აშშ-ის კონგრესმენებმა შეადგინეს ე.წ. "მაგნიტსკის სია" რომელიც იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც ფიგურირებენ და სავარაუდოდ თანამონაწილენი არიან სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებისა.
სიაში შეტანილია ყველა რუსული ძალოვანი უწყების წარმომადგენელი: "ეფ-ეს-ბეს", შს სამინისტროს, ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულების, ფედერალური საგადასახადო სამსახურის, გენპროკურატურის ასევე საარბიტრაჟო სასამართლოების წარმომადგენლები, რომლებსაც კავშირი აქვთ მაგნიტსკის გარდაცვალებასთან.
როგორც ცნობილია, იურისტმა სერგეი მაგნიტსკიმ, რუსეთის შსს-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოიპოვა, სადაც ის ჩინოვნიკების კორუფციულ საქმიანობას ამხელდა. თუმცა, მაგნიტსკი თავად დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი საკანში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დასავლეთმა რუსეთის ხელისუფლება იურისტის მკვლელობაში დაადანაშაულა და რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.