თბილისს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის კინოცენტრის პრეზიდენტი - ერიკ გარანდო ეწვევა.
12 ივლისს, 14: 30, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის გაიმართება ფრანგული კინოს მხარდაჭერის სისტემის პრეზენტაცია.
მოხსენების შემდეგ, ერიკ გარანდო თამარ ტატიშვილს - საქართველოს წარმომადგენელს „ევრიმაჟში", საფრანგეთის სახელმწიფოს სახელით, დააჯილდოებს შევალიეს (Chevalier des Arts et des Lettres) საპატიო ტიტულით. ეს ჯილდო საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წლის 2 მაისს დააწესა. შევალიეს წოდება საფრანგეთის სახელმწიფოსგან ენიჭება იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კულტურაში და ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებაში.
ერიკ გარანდო ევროპულ კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოდის. 2007 -2010 წლებში ის იყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მრჩეველი კულტურის დარგში. 2011 წლიდან დაინიშნა საფრანგეთის კინოცენტრის - CNC-ის ( Centre National du Cinema et de l'Image Animée) პრეზიდენტად.
საფრანგეთის კინოცენტრი CNC 1946 წელს დაარსდა, 2012 წელს მისმა ბიუჯეტმა 749 მილიონ ევროს მიაღწია. კინოცენტრი მხარს უჭერს პირველ რიგში საფრანგეთში კინოპროდუქციის განვითარებას, ფილმების დისტრიბუციას და გატანას საზღვრებს გარეთ, მუსაობს კინოთეატრების დიგიტალიზაციაზე, ასევე აფინანსებს სატელევიზიო პროგრამებს. საფრანგეთის კინოცენტრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია მსოფლიოში.
ნაწყვეტი ერიკ გარანდოს სიტყვიდან, რომელიც მან წარმოთქვა კანის საერთაშორისო კონფერენციაზე კულტურული გამორჩეულობის შესახებ.
"კაცობრიობის არსებობა შეუძლებელია ცოცხალი და სოციალურად ორგანიზებული კულტურის გარეშე, რადგან კულტურა განაპირობებს კაცობრიობის არსებობას. ადამიანობის ცნება გაჩნდა კულტურის გაჩენასთან ერთად, რომელიც მოიცავს ხელოვნებას, იდეებს, რელიგიას, შოვეს და ლასკოს გამოქვაბულებს. ალბერ კამიუ ამბობდა, "ადამიანის არსებობა შეუძლებელია მშვენიერების არსებობის გარეშე. მშვენიერების გარეშე ადამიანის არსებობა მხოლოდ ცოტა ხანს გასტანს." კანი, 20 მაისი, 2013 წელი.