9 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამერიკელი დიპლომატის მაიკლ ტერნერის ფოტოგამოფენა "ჯორჯიიდან საქართველომდე" გაიმართება.
მაიკლ ტერნერი საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომელია. ფოტოგრაფია 28 წელიწადზე მეტია მისი გატაცებაა. ბოლო რამდენიმე წელია მისი ფოტოობიექტივი საქართველოზეა მომართული.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოდის და ქვეყანა უყვარდება. მაიკლ ტერნერი ერთ-ერთი მათგანია. მისი საქართველოში გადაღებული ფოტოები მოგვითხრობს ბუნების სილამაზეზე, ისტორიულ ძეგლებზე, ტრადიციებზე, ურთიერთობებზე, ცეკვებზე, სიმღერებსა და იმ უამრავ რამეზე, რაც ასე გამოარჩევს საქართველოს.
ამერიკის საელჩოს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის დარგში საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. მან თავისი ფოტოები არაერთ საქველმოქმედო აუქციონს გადასცა. ერთ-ერთ ასეთ აუქციონზე შემოსული თანხით ავღანეთში დაჭრილი მეომრებისთვის სასაჩუქრე კომპლექტები შეიძინეს.
მაიკლ ტერნერის ფოტოობიექტივმა ასევე ასახა არაერთი მნიშვნელოვანი ამერიკულ-ქართული ღონისძიება. იგი ფოტომოყვარულებს ფოტოგრაფიის გაკვეთილებსაც უტარებს.
მაიკლ ტერნერისგან:
"მე ვარ მაიკლ ტერნერი, ამერიკელი ჯორჯიელი ატლანტიდან. ამჟამად ამ ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ფოტოგრაფია ჩემი მოწოდებაა, თუმცა არა პროფესია. ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად ვნახე 1960-იან წლებში მამაჩემის მიერ გადაღებული ევროპაში მოგზაურობის ამსახველი დიაპოზიტივები (სლაიდები). უკვე 28 წელიწადზე მეტია ფოტოკამერა თან დამაქვს და სამყაროსაც ასე აღვიქვამ.
თავდაპირველად, როგორც დანაშაულის ადგილზე პოლიციისთვის მომუშავე ფოტოგრაფი, ძალადობის შედეგების გადაღება მიწევდა. ამის პარალელურად პეიზაჟებსაც ვიღებდი და ქუჩის ფოტოგრაფიითაც ვიყავი დაკავებული. როდესაც მსოფლიოში მოგზაურობა დავიწყე, გადავწყვიტე, ამ ორი ხედვის შეთავსებით აღმებეჭდა იმ ქვეყნების მკაცრი რეალობა, სადაც მიწევდა მუშაობა. ვცდილობდი სილამაზე და ადამიანობა გაჭირვებაში და მის მიღმაც დამენახა.
საქართველო განსხვავდება ყველა იმ ქვეყნისგან, რომლებიც ამ ბოლო შვიდ წელიწადში მოვინახულე. აქ არის ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავ - ქვეყნის შეურყვნელი სილამაზე და ადამიანთა სიკეთე. აქაური მიწა, კულტურა და ხალხი ფოტოგრაფისთვის შთაგონების ამოუწურავი წყაროა.
როგორც ფოტოგრაფი, მრავალ ჟანრში ვმუშაობ და არ მინდა, რომელიმე ერთ ჟანრს მიმაკუთვნებდნენ. მე ჩემი ფოტოკამერით ვცდილობ აღვბეჭდო მომენტები, რომლებიც მოჰყვება მთელ ამბავს ამა თუ იმ ადგილის ან ადამიანის შესახებ. ფოტოგრაფთა უმეტესობის მსგავსად, დავდევ სინათლეს, ვეალერსები ჩრდილებს და ვნატრობ, რომ ფოტომ ემოცია გადმოსცეს.
მაიკლ ტერნერის ფოტოგამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 14 ივლისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები