დღეიდან რუსთავში მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილებისთვის აუცილებელი პროცედურა - ანკეტირება იწყება. რუსთავში ფალიაშვილის ქუჩაზე N18 სკოლის მიმდებარე ტრიტორიაზე, მდებარე ყოფილ ბაღის შენობას ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება, სადაც თავად დევნილები არიან დასაქმებულები. შენობის რეაბილიტაცია აგვისტოს გასაწყისში დასრულდება.
მსურველებმა სპეციალური ანკეტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ოფისში (მის: ქ. რუსთავი ვახუშტის ქ. N8 ტელ:0 341 22 04 44) უნდა შეავსონ. ანკეტებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე მაღალ ქულებს მიიღებენ, საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ.
ამჯერად საუბარია 15 ბინაზე, თუმცა, დევნილთა განსახლების პროცესი გრძელდება და ის ოჯახები, რომლებიც საცხოვრებელი ბინით პირველ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდებიან, ფართის განაწილების შემდეგ ეტაპში ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორუებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილთა განსახლების კრიტერიუმები დონორებთან და პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, საპილოტე პროექტი იმერეთში განხორციელდა და საცხოვრებელი ბინები ივნისის თვეში განაწილდა.