საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ახალციხის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან აქციის მიმდინარეობის დროს მოხდა დანაშაული და ამაში პირველ რიგში იკვეთება პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი.
"ამ აქციის დროს მოხდა დანაშაული და ამაში პირველ რიგში იკვეთება პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენის მხრივ მოვახდინეთ რეაგირება, რამდენიმე მანდატური დამატებით გავგზავნეთ ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა პოლიციამ. ისინი იდგნენ გვერდზე და უყურებდნენ იმას, თუ როგორ ესვროდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს სხვადასხვა ნივთებს. მინდა განვმარტო, რომ არა მხოლოდ პომიდოს ისვროდნენ, არამედ ქვებსაც. ამის შედეგად ჩაიმსხვრა სასამართლოს ფანჯარა და სახის არეში დაშავდა ერთ-ერთი თანამშრომელი", - განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი პოლიციას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელი.
საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა, რომ მან გიორგი ბლიაძესთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა. ბრალდების მიხედვით, ქმედება ჩადენილი იყო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფურად. მასვე ბრალი ედებოდა რამდენიმე პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
საქმის არსებითი განხილვისას არც ერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.