თურქეთის სასამართლომ გააუქმა ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება სტამბულში, გეზის პარკის რეკონსტრუქციის შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. თურქეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო საკმარისად ინფორმირებული რეკონსტრუქციისა და გადაგეგმვის შესახებ. გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღებული, საზოგადოებისთვის მხოლოდ 3 ივლისს გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ სტამბულში, სწორედ გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ხელისუფლებამ მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანი იყო და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდებოდა. თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გეზის პარკის შესახებ არავითარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, ვიდრე სასამართლო პროცესი არ დასრულდებოდა. მიუხედავად კომპრომისებისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდებოდა.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირეს და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებში იყო ჩათრეული. საბოლოოდ, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, ხოლო 8 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები