ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ბრუნდებოდა, ვენის აეროპორტში დაუგეგმავად დაეშვა, რადგან საფრანგეთმა და პორტუგალიამ ეკიპაჟს ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
როგორც გაირკვა, საფრანგეთისა და პორტუგალიის ხელისუფლებები ეჭვობდნენ, რომ ბოლივიის პრეზიდენტის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების გაქცეული თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი ყოფილიყო. აშშ სპეციალური სამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.
ბოლივიის მხარემ კატეგორიულად უარყო აღნიშნული შესაძლებლობა. „ჩვენ არ ვიცით, ვის დასჭირდა ასეთი ტყუილის მოფიქრება. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენ ვაპროტესტებთ ასეთ უსამართლობას." ლა პასეში, საფრანგეთის საელჩოსთან ასობით ბოლივიელმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე ბოლივიელებმა პრეზიდენტის თვითმფრინავის შეფერხება გააპროტესტეს, საფრანგეთის დროშები დაწვეს და საელჩოს მიმართულებით ქვები ისროლეს. ბოლივიის ხელისუფლება გაეროში საჩივრის შეტანითაც დაიმუქრა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, მან მაშინვე გახსნა საჰაერო სივრცე, როგორც კი გაიგო, რომ თვითმფრინავის ბორტზე ბოლივიის პრეზიდენტი იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები