ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯაშუშობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის სპეცსამსახურების გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მიერ გამოცემისთვის მიწოდებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში აღწერილია, როგორ უთვალთვალებდა ამერიკის სადაზვერვო სამსახური გერმანიის, იტალიის და საბერძნეთის პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს.
სნოუდენის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელიც 2010 წლით თარიღდება, ჩამოთვლილია 38 საელჩო, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურების სამიზნეს წარმოადგენდა. თვალთვალი ხორციელდებოდა მოწყობილობით, რომელიც ფაქსის აპარატებში მონტაჟდებოდა. აღნიშნული მოწყობილობებით, სადაზვერვო სამსახური მუდმივად აკონტროლებდა დიპლომატიური მისიების მიმოწერას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან თუ სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი ევროპაში მას შემდეგ აგორდა, რაც პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურის გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტებს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტის თანახმად, ამერიკის სადაზრვერო სამსახურმა სათვალთვალო მოწყობილობები დაამონტაჟა ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობების ოფისებში. აღნიშნული დოკუმენტები სთანახმად, ამერიკის სპეცსამსახურები ასევე აწარმოებდნენ ევროპელი პოლიტიკოსების ელექტრონული მიმოწერის თვალთვალს.
მასალის გამოყენების პირობები