პირველ ივლისს, 15:00 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტზე გაიმართება ვორქშოფის "WORLD FROM DAWN TILL DUSK"-ის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასების ციკლის პირველი შეხვედრა. სამ კვირიანი პროგრამა ასევე მოიცავს კინოგადაღებას, რომელიც მოგვიანებით თბილისის სხვადასხვა უბანში გაიმარათება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გრძელდება პროექტი "WORLD FROM DAWN TILL DUSK". ეს არის მასტერკლასების ციკლი, რომელიც ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა კინოსკოლების სტუდენტებისთვის (და არა მხოლოდ სტუდენტებისთვის). ერთი თვის განმავლობაში პოლონეთის, ლოძის კინოსკოლის პროფესორები ჩაატარებენ მასტერ კლასების სერიას, რის შედეგადაც სტუდენტები შექმნიან დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა გმირი არის ქალაქი, ამ შემთხვევაში თბილისი. საბოლოო ჯამში შეიქმნება ერთ საათიანი დოკუმენტური ფილმი თბილისზე.
პროექტის პრეზენტაცია 11 ივნის შედგა, რის შემდეგ 12,13 და 14 ივნისს უკვე გადაღებული ფილმების ჩვენება გაიმართა. მესამე, საბოლოო ეტაპი დეკემბერში იქნება, როდესაც ნაჩვენები იქნება ვორქშოფის საბოლოო პროდუქტი - ფილმი თბილისზე.