დღეს, 25 ივნისს, 18:00 საათზე, "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" აწყობს პოეტისა და არტისტის, გიორგი ბუნდოვანის პოეზიისა და მის მიერ ჩამოყალიბებული არტ-ჯგუფ "სტიგმატის" ბოლო პერიოდის 3-4 ახალი მინიარტფილმის ("ვიდეოაკციონიზმი/კინო-პოეზია") ჩვენება-საღამოს.
გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებაზე ისაუბრებენ პროზაიკოსი ბექა ქურხული, პოეტი, მეცნიერი, არაბისტი და ირანისტი გიორგი ლობჟანიძე, სამების ტაძრის დიაკონი გურამ ოთხოზორია, პოეტი, მხატვარი, პროზაიკოსი და ლიტერატურული კრიტიკოსი მარსიანი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ანდერგრაუნდის მულტიმედია შემოქმედებითი არტჯგუფი "სტიგმატი" ჯგუფის ფორმით 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი ჩამოაყალიბა პოეტმა, მულტიმედია არტისტმა გიორგი ბუნდოვანმა. ამჟამად ჯგუფის ძირითად შემადგენლობაში არიან არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, მარიკა ჟორჟოლიანი.
ფილმების გადაღება და მონტაჟი ხდება გამიზნულად, დაბალი ტექნოლოგიით ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც თავისებურ ეფექტსა და ხიბლს ქმნის. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს "დაბალი რეზოლუციის ფილმებს" უწოდებენ და ამ მეთოდს მსოფლიოში მრავალი ცნობილი რეჟისორი მიმართავს (გადაღება ხდება მობილური ტელეფონით, ზოგჯერ ძველი 8-მილიმეტრიანი კინოკამერით). ბუნდოვანმა ძველი ფილმების დიდი ნაწილი გადაამუშავა, დახვეწა და უკვე რამდენიმე ახალიც გადაიღო.