21 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში" ელჩი რიჩარდ ნორლანდი საერთაშორისო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქართველოს ასოციაციის კონფერენციას გახსნის.
საქართველოში აშშ-ის საელჩის ინფორმაცით, კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). თორმეტი ქართველი ექიმი შეერთებული შტატებიდან ქართველ კოლეგებს სხვა და სხვა სფეროში თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებს. ორდღიანი სემინარის მიზანია, ქართველ ექიმებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გამოიყენებაში დაეხმაროს, აგრეთვე გააღრმავოს ქართველი ექიმების კავშირები უცხოეთში მოღვაწე მათ თანამემამულეებთან.
ამჟამად, საერთაშორისო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქართველოს ასოციაციის პროგრამაში 250-ზე მეტი ექიმი მონაწილეობს საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, პროგრამა ყოველწლიურად მართავს სამედიცინო კონფერენციებს. მასში მონაწილეობენ სამედიცინო სფეროს მუშაკები მთელი საქართველოდან, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმასა და ჯანდაცვის პროგრამებში ჩართული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაში მუდმივად მონაწილეობენ ქართველი მედიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ისრაელში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ.