,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცველად გთვაზობთ:
„აივ ინფექცია/შიდსის" სახელმწიფო პროგრამა, ნოზოლოგიის გავრცელების სპეციფიკიდან გამომდინარე და მესამე პირთა დაინფიცირების საფრთხის მაღალი რისკის გამო ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა (მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე, დროებითი და მუდმივი ბინადრობის სტატუსის მქონე).
2013 წლის 31 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ. ჩ.-მ, რომელიც დაავადებულია აივ ინფექცია/შიდსით და საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდგომ ვეღარ იტარებს სრულფასოვან მკურნალობას საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო.
2001-2013 წლებში ნ. ჩ. სასჯელს იხდიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთანავე, გადიოდა მკურნალობის კურსს აივ ინფექცია/შიდსზე. დაწესებულების დატოვების შემდგომ, მან ვერ შეძლო სახელმწიფო პროგრამით მკურნალობის გაგრძელება. პაციენტი იღებს მედიკამენტებს „გლობალური ფონდის" ნებართვის საფუძველზე, მაგრამ ვერ იტარებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მას არ შეუძლია მკურნალობის საფასურის გადახდა.
„აივ-ინფექცია/შიდსის" შესახებ 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნ. ჩ.-ს არა აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსი, მაგრამ დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მკურნალობა არის მთელი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი. პრობლემის აქტუალობას განსაზღვრავს დაავადების გადაცემის მაღალი რისკი, რომელიც მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს. კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ რისკის ქვეშ არის პაციენტის სიცოცხლე, ილახება მესამე პირთა ჯანმრთელობის დაცვის უფლებაც", _ნათქვამია განცხადებაში.