დღეს, 19 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 18:00 საათზე სამხრეთ კორეის თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი, სამხრეთ კორეის თანამედროვე გაცვლითი ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ჩა-სუნგ კუ და კორეის თანამედროვე მხატვართა დელეგაცია.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სამხრეთ კორეელი თანამედროვე მხატვრების სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული 60- ზე მეტი ნამუშევარი. გამოფენა გაგრძელდება 19 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით.
აღნიშნული ექსპოზიცია დაიგეგმა 2013 წლის 28 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრ გურამ ოდიშარიასა და სამხრეთ კორეის თანამედროვე გაცვლითი ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩა-საუნგ კუს და პროფესორ დაე ინგ პარკის შეხვედრაზე; სადაც განხილულ იქნა კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ასევე ქართველი თანამედროვე მხატვრების სამხრეთ კორეაში გამგზავრება და მათი ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება.