კულტური სამინისტროს ინფორმაციით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, UNESCO-ს კომიტეტის 37-ე სესიის გადაწყვეტილებით საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება, ხოლო ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან ამოღება დღეს გადაწყდა, რაც მათივე ინფორმაციით პროცესის დაწყებას ნიშნავს. "მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ.
იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს",-აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით; ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯა მასპინძლობს, რომელიც გუშინ, 17 ივნისს გაიხსნა. ამ დროისთვის კომიტეტის სესიაზე, დამკვირვებლის სტატუსით, იმყოფება ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით; დელეგაციის შემადგენლობაში არიან "ICOMOS საქართველოს" ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.