ბიძინა ივანიშვილმა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძიუს ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, რეჟისორის პირადად გაცნობა ვერ მოახერხა.
"დღეს ჩვენ ვემშვიდობებით თეატრისა და კინოს თვალსაჩინო წარმომადგენელს, ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად ქართულ საზოგადოებას. ვუსამძიმრებ მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ბატონი გიგას თეატრი და კინო, მისი შემოქმედება. განსაკუთრებით მინდა, მივუსამძიმრო საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც განსაკუთრებით ძვირფასი იყო ის წლები, როცა ბატონი გიგა კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად ქართული კულტურის შუაგულში იმყოფებოდა. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. მთელი ჩემი ახალგაზრდობაში მის შემოქმედებაზე მქონდა სწორება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონი გიგას პირადად გაცნობა ვერ მოვახერხე. როცა ჩვენ ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს ვაცილებდით, ბატონი გიგას მეუღლესთან შეხვედრა და გასაუბრება მოვახერხე და მან მითხრა, რომ გიგას დიდი სურვილი ჰქონდა ჩემთან შეხვედრის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს შეხვედრა მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა", _განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.