22-28 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
კლასიკური მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ელისო ბოლქვაძე.
ფესტივალს გახსნის ბათუმის საფესტივალო ორკესტრი- მთავარი დირიჟორი გიორგი ჟორდანია; ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა - ქორმაისტერი ლელა დოლიძე. პროგრამაშია: ჯუზეპე ვერდი - უვერტიურა ოპერიდან „ბედის ძალა"; ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - სავიოლინო კონცერტი №5, სოლისტი - ვალერი სოკოლოვი; ასევე ჯაკომო პუჩინის, რუჯერო ლეონკავალოს, ედუარდ ელგარის, კამილ სენ-სანსის ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ კინორეჟისორ ბრუნო მონსანჟანთან (საფრანგეთი); ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მსოფლიოში გახმაურებული ფილმებიდან სვიატოსლავ რიხტერზე (რუსულ ენაზე);ელისო ბოლქვაძის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის; ლიტვისა და საქართველოს მეგობრობისადმი მიძღვნილი საღამო; მანანა ქანთარიას მასტერკლასი ახალგაზრდა მევიოლინეებისათვის და ფრანგი პიანისტის ჟოფრუა კუტოს სოლო კონცერტი-„საფორტეპიანო მუსიკის საღამო".