სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მუშაობა დასასრულს უახლოვდება და 21 ივნისის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული თემის ირგვლივ საკუთარ გადაწყვეტილებას გააჟღერებს. ამის შესახებ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განაცხადა.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მუშაობა დასასრულს უახლოვდება და 21 ივნისის ჩათვლით გვაცნობებენ თუ რა გადაწყდა აღნიშნული თემის ირგვლივ, საგრანტო თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობდნენ", - განაცხადა ნოდარ თათვიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2011-2012 სასწავლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად სტუდენტებს მხოლოდ 100%-იანი სასწავლო გრანტით სარგებლობის უფლება მიანიჭეს და არ მისცეს საშუალება ესარგებლათ სხვა საგრანტო პროცენტული მაჩვენებლით გარკვეულ დარგებსა და სპეციალობებზე:
1) იურიდიული (სამართალი; საერთაშორისო სამართალი)
2) ბიზნესის ადმინისტრირება (გარდა ტურიზმისა);
3) სამედიცინო; ჯანდაცვა;
4) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა;
5) საერთაშორისო ურთიერთობები;
6) საჯარო მმართველობა;
სტუდენტთა თხოვნით, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თანამშრობლობის შედეგად დაიწყო აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობა.