თურქეთის სამართალდამცავებმა კვლავ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით გაყარეს დემონსტრანტები ამჯერად ანკარას კიზილაის მოედნიდან. საპროტესტო აქციის დაშლისას მინიმუმ ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
უფრო ადრე პოლიციამ ანკარაში დაშალა სამგლოვიარო მსვლელობა, რომელიც აქციებისას გარდაცვლილების საპატივსაცემოდ იმართებოდა. ანკარას პარალელურად, არ წყდება მოწოდებები სტამბულში ტაკსიმის მოედანზე შეკრების შინაარსით, თუმცა მოედანი სრულად გადაკეტილი აქვს პოლიციას და ისინი აკონტროლებენ და ამოწმებენ ყველა გამვლელს.
მდგომარეობის გართულება განაპირობა ხელისუფლების მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინიციატივით სტამბულის მიმდებარედ გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებიდან 1000 სპეცრაზმელი ჩამოვიდა. სპეცრაზმელები დაანაწილეს ავტობუსებში, რომლებიც მოგვიანებით ქალაქის მიმართულებით დაიძრნენ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები