14 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რიგით მეათე საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა.
სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მომხსენებლებმა წარმოადგინეს განახლებული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები შემდეგი მიმართულებებით: პოლიციის რეფორმა, პროკურატურის რეფორმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პენიტენციარული სისტემის რეფორმა, პრობაციის რეფორმა, იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა და სასამართლოს რეფორმა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს იურიდიული დახმარების შესახებ კანონი. შედგა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის კონცეფციის პრეზენტაცია. სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის კონცეფციაზე და განიხილეს სახალხო დამცველის ანგარიში.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, მუშაობა გრძელდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიის განსახორციელებლად. მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში, საპროცესო კოდექსში, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. იწყება მუშაობა არასრულწლოვანთა კოდექსზე, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული UNICEF და ევროპის კავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში".