რუსთაველის თეატრში ფონდის „ქართული გალობა" პირველი გრანდიოზული კონცერტი „ქართული ხალხური სიმღერა-კაცობრიობის საგანძური" გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერების ღირსეული შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ანსამბლები „რუსთავი", „სახიობა", „დიდგორი", „შავნაბადა", „იმერი", „ბასიანი", „ელესა" და ბავშვთა გაერთიანებული გუნდი.
კონცერტზე ფონდმა „ქართული გალობა" ღვაწლმოსილი და გამორჩეული ოსტატები სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვა. ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის ჯილდო "ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე" ფონდმა მიანიჭა 89 წლის ანდრო სიბაშვილს კახურ ხალხურ სიმღერაში შეტანილი წვლილისათვის; 66 წლის როსტომ გოგოლაძეს; 88 წლის პოლიკარპე ხუბულავას; 75 წლის ისლამ (ექვთიმე) ფილფანს- სვანურ სიმღერაში შეტანილი წვლილისათვის და ტრისტან და გური სიხარულიძეებს. თითოეულ მათგანს ფულადი ჯილდო 2 000 ლარის ოდენობით გადაეცა.
ნომინაციაში "ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მემატიანე" დაჯილდოვდა 76 წლის მიხეილ კილასონიძე, რომელსაც ფონდმა "ქართული გალობა" 3 000 ლარიანი პრემია გადასცა.
ნომინაციაში "ახალი თაობა" დაჯილდოვდა ანსამბლი "ელესა" და 4 000 ლარით დასაჩუქრდა. ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი დასახელდა, როგორც "ღვაწლმოსილი ლოტბარი" და მას 3 000 ლარი გადაეცა. ამავე ნომინაციაში დაჯილდოვდა მომღერალი რობერტ გოგოლაშვილი და ჯილდოდ 3 000 ლარი მიიღო.
"საუკუნის მოცეკვავედ" ფრიდონ სულაბერიძე დასახელდა. მას ფონდმა ფულადი პრემია 5 000 ლარი გადასცა. ხოლო პიანისტმა ლექსო თორაძემ პირადად დააჯილდოვა "საუკუნის ხმა" თემურ ქევხიშვილი, რომელმაც ფონდისგან 5 000 ლარიანი პრემია მიიღო. "ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენისთვის საუკუნის მოამაგედ" ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი დასახელდა და მას ფულადი ჯილდო 5 000 ლარი გადაეცა.
კონცერტზე ფონდის დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან არსებული „ქართული გალობის" სასწავლებლის რეგენტები მაღალმთიან რეგიონებში გაიგზავნებიან და მათ ხუთი წლით დაენიშნებათ ხელფასი, რათა რეგიონებში გალობა ასწავლონ.
კონცერტს ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. როგორც პატრიარქმა განმარტა, ქართული გალობა და სიმღერა ძვირფასია. "ეს ყველაფერი სიკეთითა და სიყვარულით სავსეა და ეს გადაგვარჩენს ჩვენ"-განაცხადა ილია მეორემ. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ფონდის დამფუძნებელ ვანო ჩხარტიშვილს და სადაფით შესრულებული წმინდა გიორგის ხატი გადასცა საჩუქრად.
ფონდი "ქართული გალობა" პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საბჭოს წევრები არიან პიანისტი ლექსო თორაძე და ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ფონდის მიზანი, ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაა. ფონდის საქმიანობით ხელი შეეწყობა ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურის, ტრადიციული სიმღერისა და გალობის განვითარება-პოპულარიზაციას.