A-studio, რომელისაც წელს 25 წელი შეუსრულდა, კონცერტს დღეს თბილისშიც მართავს. როგორც სასტუმრო „ჰოლიდეი იინ"-ში გამართულ ბრიფინგზე A-studio-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ განაცხადა, ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი და ძველი ჰიტებით წარდგება, თუმც კონცერტის მსვლელობისას იქნება სიურპრიზებიც.
როგორც ცნობილია, A-studio-ს კონცერტი, დღეს, 11 ივნისს 21:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორი კი კომპანია "EVENT 404"-ია. EVENT 404"-ის წარმომადგენელი თათა მათიკაშვილი განმარტავს, რომ EVENT 404"-თვის A-studio-ს კონცერტის ორგანიზება პირველი ივენტია, თუმც კომპანიას საკმაოდ შორს მიმავალ გეგმები აქვს.
„კონცერტი სავარაუდოდ 2 საათს გასტანს და შესრულდება როგორც ძველი ასევე ახალი სიმღერები. ახალი სიმღერები აქვთ ძალიან კარგი, გუშინ მოვუსმინეთ და ძალიან მოგვეწონა. მინდა გითხრათ, რომ ჯგუფი ახალი ალბომიდან 5 ახალ სიმღერას შეასრულებს"- განმარტავს EVENT 404"-ის წარმომადგენელი თათა მათიკაშვილი.
A-studio ჩამოსვლაზე EVENT 404" მოლაპარაკებებს ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა, თუმც როგორც EVENT 404"-ის მენეჯმენტი განმარტავს, საქართველოში A-studio-ს ჩამოსვლას ყველა დადებითად შეხვდა, რაც ბილეთების რეალიზაციაზეც აისახა.
როგორც ქეთა თოფურიამ ბრიფინგზე განაცხადა, ის მოხარულია, რომ ისევ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე იმღერებს.
„მაყურებლისთვის პატარ-პატარა სიურპრიზები გვაქვს მომზადებული. ფილარმონიის სცენაზე 8 წელია არ ვმდგარვარ, არადა სწორედ ფილარმონიიდან დაიწყო ჩემი კარიერა"- აღნიშნა მომღერალმა. როგორც ქეთა თოფურიამ განაცხადა, ის საქართველოში ზაფხულში პირადად კიდევ ერთხელ ჩამოვა. მომღერალი, როგორც ყოველთვის ჟურნალისტებთან საკმაოდ გულახდილი იყო და განაცხადა, რომ ორსულად არ არის. როგორც მომღერალმა განმარტა, ჭორი მის ფეხმძიმობაზე სმენია, თუმც ის სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ A-studio არის ლეგენდარული კოლექტივი, რომელიც უკვე 25 წელია მოღვაწეობს რუსეთის ესტრადაზე. A-studio გამოირჩევა თავისი სტილით, მუსიკალური გემოვნებით და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით.
ჯგუფი A-studio-ს წევრები არიან: ჯგუფის დამფუძნებლები ბაიგალი სერკებაევი ( პროდიუსერი, კომპოზიტორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები) და ვლადიმერ მიკლოშიჩი (ბას-გიტარა), ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია (ვოკალი), ფიოდორ დოსუმოვი (გიტარა), ევგენი დოლსკი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
2012 წელს, ჯგუფმა აღნიშნა 25 წლის იუბილე. A-studio-ს გამოშვებული აქვს 10 სტუდიური ალბომი, მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა "Джулия», «Ночь подруга», «Улетаю».
A-studio არაერთი მუსიკალური ჯილდოს და პრემიის მფლობელია: 2005 წ. მუსიკალური პრემიების «ოვაციისა» და «ოქროს გრამაფონის» გამარჯვებული ნომინაციაში «წლის სიმღერა», 2007 წ. რუსული MTV-ს დაჯილდოება ნომინაციაში «საუკეთესო ჟგუფი», 2010 და 2011 წწ. მუზ-ტვ-ს პრემიის დაჯილდოება «საუკეთესო ჯგუფი».
ამჟამად ჯგუფის წევრები მუშაობენ ახალ ალბომზე, მათ ჩაწერეს რამდენიმე კომპოზიცია, მათ შორის უკვე ჰიტად ქცეული სიმღერა « Папа, мама».
აღსანიშნავია, რომ A-studio-ს ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია Georgian Airways-ია (აირზენა).