ჩოხოსანთა ანსმბლ „შავლეგო"-ს წევრი, თბილისის კოლორიტი, ჩოხოსანი რაინდი, უბერებელი მომღერალი გივი შავგულიძე 10 ივნისს 85 წლის გახდა. იგი 1962 წლიდან მღეროდა საქართველოს სახელმწიფო კაპელაში. 1976 - 1993 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი. 1990 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.
"ბატონი გივი დღესაც ახალგაზრდული შემართებით მღერის და ცეკვავს. მისი ხმის ჟღერადობა და სიხასხასე ბევრ ახალგაზრდა მომღერალსა შეშურდება.ორიოდე წლის წინ მან „ნიჭიერის" კონკურსშიც გამოიჩინა თავი, როგორც სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავემ. გვინდა ვუსურვოთ ამ უზომოდ კეთილშობილ და სანდომიან პიროვნებას მრავალჟამიერ ჯანმრთელი სიცოცხლე, რათა ადამიანთა გულებში კიდევ დიდხანს ენთოს ოპტიმიზმისა და იმედის შუქურასავით", -ნათქვამია გივი შავგულიძის კოლეგების მილოცვაში.